04 ივლისი 2020,   22:01
ვრცლად
შსს-ში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახაბერ საბანაძე უძღვებოდა.

შეხვედრაზე საკოორდინაციო საბჭოს წევრი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების წლიური ანგარიში განიხილეს.

სხდომას შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მხარეებმა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები, მომდევნო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ძირითადი სამიზნე მიმართულებები განიხილეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„სისტემური რეფორმის მიმართულებებიდან მინდა აღვნიშნო: კრიმინალური პოლიციის რეფორმა, საპატრულო პოლიციის რეფორმა, საზღვრის დაცვის კონტროლის გაძლიერება. აღნიშნული მიმართულებებით სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და სისტემაში დანერგვა ძალზე მნიშვნელოვანია ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ასევე, სამინისტროს ინსტიტუციური განვითარებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეფექტიანობის გაზრდა, საქმიანობის გაძლიერება, ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად ერთობლივი აქტივობების შემუშავება და სწორედ ამ ფორმატში შეთანხმება“- განაცხადა კახაბერ საბანაძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში და მის მიერ დაფინანსებულ, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ტექნიკური დახმარების პროექტის გუნდს, მუდმივი კოორდინაციისა და მხარდაჭერისათვის.  

დღის ამბები