05 ივლისი 2020,   19:18
ვრცლად
"თამბაქოს კონტროლის ალიანსი" ხელისუფლებას მუწოდებს, უარი თქვას გასახვევი თუთუნის 15 გრამიანი შეფუთვის დაშვების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებაზე

"თამბაქოს კონტროლის ალიანსი" ხელისუფლებას მუწოდებს, უარი თქვას გასახვევი თუთუნის 15 გრამიანი შეფუთვის დაშვების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებაზე, ამის შესახებ ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. უწყებაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ, ასევე, არ უნდა მისცეს თამბაქოს ტრანსნაციონალურ კომპანიებს საშუალება, პოპულარიზაცია გაუწიონ ელექტროსიგარეტებს და გახურებადი თამბაქოს ნაწარმს, რაც, მათი თქმით, ყველაზე მეტად პოპულარული და მიმზიდველი სწორედ ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვისაა

"თამბაქოს კონტროლის ალიანსის" განცხადებაში აღნიშნულია, რომ ექიმები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები, მსოფლიოს მასშტაბით ცდილობენ, კაცობრიობას მთელი სიმწვავით დაანახონ თამბაქოს მოხმარების შედეგად შექმნილი გლობალური პრობლემები.

"ლეგალურად მკვლელ პროდუქტად მიჩნეული თამბაქოს ნაწარმის მოხმარებით გამოწვეული დაავადებებით მსოფლიოში უამრავი ადამიანი იტანჯება, უამრავიც ნაადრევად, მომაკვდინებელი სენით, ტანჯვით ასრულებს სიცოცხლეს. მწეველი მშობლების გამო შვილებს ჯერ კიდევ მუცლადყოფნის დროს ექმნებათ პრობლემები, ხშირად საბედისწერო. შესაბამისად, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ თამბაქოს პანდემია კაცობრიობას ანადგურებს. საბედნიეროდ არსებობს მისგან დასაცავი საუკეთესო იარაღი, მოწევაზე თავის დანებება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველი წლის 31 მაისს, წლიდან წლამდე განსაკუთრებით აქტუალური თემის პროპაგანდას ეწევა და გზავნილსაც შესაბამისად არჩევს. წელს 31 მაისის მთავარი გზავნილია, დავიცვათ ბავშვები და ახალგაზრდები თამბაქოს ინდუსტრიის მანიპულაციისაგან," - ნათქვამია განცხადებაში.  

"თამბაქოს კონტროლის ალიანსის" განცხადებით, საქართველოში აქტუალურია მოზარდებში მწეველობის პრობლემა.

"მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თამბაქოს კონტროლის კანონი გვაქვს, რომლითაც სრულად აიკრძალა თამბაქოს ნაწარმის გარე რეკლამები ბილბორდებზე და ლაით ბოქსებზე, სავაჭრო დაწესებულებების ვიტრინებში თამბაქოს ნაწარმი აღარ ჩანს, თამბაქოს რეკლამა არც ტელევიზიითა და სხვა მედია საშუალებებით არ კეთდება. თამბაქოს ინდუსტრია სხვადასხვა მარკეტინგული ხრიკებით ყველაფერს აკეთებს, რათა ბაზარზე უწყვეტად ჰყავდეს ახალი თაობა, რომელიც თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებებით გარდაცვლილ მომხმარებელს ჩაანაცვლებს.  ახალი თაობისთვის, როგორც უცხო ხილი, განსაკუთრებით მიმზიდველი და ამავე დროს იოლად ხელმისაწვდომია ელ სიგარეტები და მათი ნაირსახეობები.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტების და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კვლევებით არაერთხელ გახმაურდა მოზარდებში მწეველობის მწვავე პრობლემა, სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტი არაფერს აკეთებს ამ პრობლემის შესამცირებლად. მეტიც, ცოტა ხნის წინ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავდა თამბაქოს კონტროლის კანონში ცვლილებათა პროექტს, რომლის თანახმად გასახვევი თუთუნის გაყიდვა, შესაძლოა 15 გრამიანი შეფუთვითაც დაიშვას.

ყოველწლიურად მსოფლიოში 8 მილიონი ადამიანი იღუპება, აქედან 1,2 მილიონი პასიური მწეველობის მსხვერპლია. საქართველოში, ყოველი მეხუთე ადამიანი თამბაქოს და მისი სხვადასხვა პროდუქტის (ელ. სიგარეტი, ვაპოვაიზერი, გახურებადი თამბაქოს ნაწარმი) მოხმარებით იღუპება, ყოველდღიურად ამ სენის გამო 30 ადამიანს ვკარგავ, მათგან 8 არამწეველია და ამ არამწეველებიდან ერთი ბავშვია.

ხელისუფლებას მოვუწოდებთ, უარი თქვან გასახვევი თუთუნის 15 გრამიანი შეფუთვის დაშვების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებაზე და ასევე, თამბაქოს ტრანსნაციონალურ კომპანიებს საშუალება არ მისცენ, პოპულარიზაცია გაუწიონ ელ. სიგარეტებს და გახურებადი თამბაქოს ნაწარმს, რაც ყველაზე მეტად პოპულარული და მიმზიდველი სწორედ ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვისაა," - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები