05 ივლისი 2020,   16:49
ვრცლად
მთავარეპისკოპოს იაკობს პეტრე ცაავას ეკლესიიდან განკვეთა სურს - ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი კი ამას "შიშისა და პანიკის გამოვლინებად" აფასებს

საეკლესიო კრების მოახლოებასთან ერთად, ისევ მწვავდება დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით უცნობია, სინოდის სხდომის ჩატარების კონკრეტული თარიღი, ირკვევა, რომ კრების წევრთა ნაწილს უკვე გადაწყვეტილი აქვს, რა საკითხები უნდა იყოს დღის წესრიგით გათვალისწინებული.

მათ შორის ერთ-ერთი არის პეტრე ცაავას საეკლესიო ცხოვრებიდან განკვეთა. ეს სურვილი აქვს მთავარეპისკოპოს იაკობს. მიზეზი არის ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის სკანდალური განცხადებები, რომელიც საზოგადოებამ რამდენჯერმე მოისმინა. სწორედ ამის გამო პეტრე ცაავა ერთხელ უკვე დაისაჯა და ის ჩამოაშორეს ეპარქიას.

პეტრე ცაავა აცხადებს, რომ ეს მორიგი შიშისა და პანიკის გამოვლინებაა მათ მიმართ, ვინც "საპატრიარქოში არსებულ უზნეობასთან დაკავშირებით ხმას იმაღლებენ".

მისივე თქმით, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი საქართველოს ეკლესიის მომაკვდინებელ ცოდვაში ჩაფლობას ემსახურება.

"ეს არის მორიგი გამოვლინება შიზოფრენიული შიშისა და ისტერიული პანიკისა იმ ადამიანების მიმართ, რომელიც ხმას იმაღლებენ საპატრიარქოში არსებული უზნეობის მიმართ და კერძოდ სვამენ შეკითხვებს პატრიარქის პირადი არაჯანსაღი დამოკიდებულების მიმართ, აი ამას ვუკავშირებ.

უსამართლობაა, იმის ნაცვლად, რომ ვებრძოლოთ პრობლემას, ვებრძვით პრობლების გამხმოვანებლებს. თავიც რომ მოგჭრა, მოჭრილი თავი იტყვის, რომ ეკლესია არის მამათმავლური ცოდვა, საჭიროა ამის აღმოფხვრა.

თქვენი მთავარეპისკოპოსი იაკობი არის საქართველოს ეკლესიისთვის იარაღი ეშმაკის ხელში. რაც უნდა დემონურ ძალებს, საქართველოს ეკლესიის მომაკვდინებელ ცოდვაში და ჭაობში ჩაფლა, აი მეუფე იაკობი ამას ასრულებს," - განაცხადა მამა პეტრე ცაავამ.

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე აცხადებს, რომ სინოდის გადაწყვეტილება სინოდის სხდომის მერე გახდება ცნობილი.

"როდესაც სინოდი შეიკრიბება, სინოდის მერე გაიგებთ სინოდის გადაწყვეტილებას," - განაცხადა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე).

დღის ამბები