04 ივლისი 2020,   22:05
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები იზრდება - კახეთი კი კვლავ მწვანე ზონად რჩება

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ისევ იზრდება.

მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალი კლასტერი გაჩნდა. კორონავირუსი სოფელ მარეთში ერთი ოჯახის 3 წევრს დაუდგინდა. ინფიცირების წყარო უცნობია. ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგები დაცვის პოლიციის თანამშრომლის და მისი ოჯახის კონტაქტების გამოვლენას ცდილობენ. მათი ზუსტი რიცხვი ხვალ დილით გახდება ცნობილი. მანამდე კი სპეციალისტებმა საცხოვრებელ კორპუსში სადეზინფექციო სამუშაო ჩაატარეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, მარნეულის მუნიციპალიტეტში სიტუაცია ამ ეტაპზე კონტროლს ექვემდებარება. სოფლის ჩაკეტვის საჭიროება ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ სიტუაციის დამძიმების შემთხვევაში ეს ვარიანტიც განიხილება.

მეზობელ ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები დღეს არ დაფიქსირებულა. მუშევანში გუშინდელი რეკორდული ზრდის შემდეგ ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 75 შეადგინა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, წითელ ზონაში აგრესიული ტესტირება უკვე ორჯერ ჩატარდა - სწორედ ამ გზით გამოვლინდა 19 ახალი შემთხვევა. 

სიტუაცია სტაბილურია დედოფლისწყაროში. აქ 10 ადამიანის ტესტირების შედეგებს ელოდებოდნენ, რომელიც უარყოფითია. ყველა მათგანი იმ სატვირთო ავტომობილის მძღოლის კონტაქტია, რომელიც საქართველოში 22 მაისს რუსეთიდან დაბრუნდა. ახალი რეგულაციის თანახმად კორონავირუსზე ტესტი ყველა მძღოლს უტარდება, რომელიც საერთაშორისო გადაზიდვებს ასრულებს.

სიტუაცია დღითიდღე მძიმდება ე.წ. საბურთალოს კლასტერთან მიმართებით. აქამდე არსებულ 15 შემთხვევას დღეს კიდევ 8 დაემატა. "კურიერის" ინფორმაციით, 3 ადამიანის ინფიცირება მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ-ერთი ეზოში მდგომი კოვიდდადებითი პირი მანქანაში მსხდომ 3 ადამიანს გაესაუბრა. ყველა მათგანი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექთნის ოჯახის წევრი და მეზობელია. სპეციალური ხსნარით დამუშავებულია მისი საცხოვრებელი სახლი. მეზობლებს სახლის დატოვება ეკრძალებათ.

განსაკუთრებული ზომები ამ დრომდე არ მიუღიათ ექთნის ნათესავების საცხოვრებელ კორპუსში, სადაც კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა უკვე დაფიქსირდა. მეზობლები დახმარებას ითხოვენ. ბევრი მათგანი საცხოვრებელს არ ტოვებს.

მარნეულის მუნიციპალიტეტი თითქმის 3 კვირის განმავლობაში იყო ჩაკეტილი. შეზღუდვები აქ 14 მაისს მოიხსნა. რაც შეეხება დედაქალაქს, კონკრეტულად კი საბურთალოს - უკანასკნელ 3 დღეში შემთხვევების რაოდენობამ სულ 23 შეადგინა.

დღის ამბები