04 ივლისი 2020,   22:52
ვრცლად
საქართველოს მეზობელ ქვეყნებში კორონავირუსის შემთხვევები მატულობს

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში კორონავირუსთან დაკავშირებით ისევ რთული ვითარებაა.

კორონავირუსი დაუდგინდა სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს. ინფიცირებული არიან პრემიერის ოჯახის წევრებიც. ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მას ვირუსის არც ერთი სიმპტომი არ აღენიშნება. სომხეთის პრემიერის ვარაუდით, მას ვირუსი მიმტანმა გადასდო.

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსის 210 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. თითქმის ერთი კვირაა, ქვეყანა კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებით ანტირეკორდს ამყარებს. ფაშინიანის განცხადებით, თუ ქვეყანა ინფექციის გავრცელების ამ ტემპს შეინარჩუნებს, შესაძლოა სომხეთმა იტალიის ბედი გაიზიაროს. სომხეთში ინფიცირებულთა რიცხვი 9 000-ს აჭარბებს.

რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა რუსეთშიც, სადაც ერთ დღეში ინფიცირების 9 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ ინფიცირებულთა რაოდენობამ 420 000 შეადგინა. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 162 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი 90 წლის მიტროპოლიტია. რთული მდგომარეობის მიუხედავად, მოსკოვში სილამაზისა და ავტოსალონები გაიხსნა, მოქალაქეებს კი კონკრეტული დროის მონაკვეთში ვარჯიშისა და სეირნობის უფლება მისცეს.

მონაცემები მზარდია უკრაინაში, სადაც დღე-ღამის განმავლობაში ვირუსი 340 ადამიანს დაუდგინდა. ვირუსით დაინფიცირდა კიევის ქალთა მონასტერში 26 პირიც. ამ დროისთვის, უკრაინაში სულ კორონავირუსის 24 000 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 718 ადამიანი ემსხვერპლა.

პანდემიის მიუხედავად, თურქეთში რესტორნები, კაფეები და დასასვენებელი პარკები იხსნება. გაიხსნება ასევე ზღვის სანაპიროები და რეკრეაციული პარკები, თუმცა გადაადგილება კვლავ შეზღუდული აქვთ 55 წელს გადაცილებულ და 18 წლამდე მოქალაქეებს. არასრულწლოვნებს ქუჩაში გასვლა კვირაში მხოლოდ ორ დღეს, განსაზღვრულ დროს შეეძლებათ. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე თურქეთში COVID-19-ით სულ  164 000 ადამიანი დაინფიცირდა. ლეტალურად დასრულდა 5 000-მდე შემთხვევა.

დღის ამბები