07 ივლისი 2020,   09:24
ვრცლად
ჩაიკეტება თუ არა ნინოწმინდა - ინფიცირებულ მამაკაცს ასამდე კონტაქტი უფიქსირდება

ნინოწმინდაში შესაძლოა კორონავირუსის ახალი კლასტერი გაჩნდეს. ინფიცირებულ მამაკაცს ასამდე კონტაქტი უფიქსირდება. მას მოგზაურობის ისტორია აქვს, ის საქართველოში რუსეთიდან ჩამოვიდა. ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა თანასოფლელებთან და იმყოფებოდა ორ გასვენებაში.

ჩაიკეტება, თუ არა ნინოწმინდა - ეს დამოკიდებული იქნება სპეციალისტების რეკომენდაციასა და  ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე. ჯერჯერობით ექიმები აცხადებენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.

ინფიცირებული მამაკაცის კარანტინიდან გაწერასთან დაკავშირებით არსებობს ვერსია, რომ  ექიმებს შეეშალათ და ინფიცირებული მამაკაცი დროზე ადრე გაწერეს სახლში.

ამ დროისთვის კარანტინში იმყოფებიან მამაკაცის ოჯახის წევრები და მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება:

"კარანტინიდან 31 მაისს გაწერეს, 2 ივნისს კი დაბრუნდა. თავს კარგად გრძნობს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რაც შეეხება ტესტს ის სუსტად დადებითია. კარანტინში განვათავსეთ მისი ოჯახის წევრები, ისინი ახალციხეში არიან, სულ 4 ადამიანი. არ მგონია რომ პანიკის საფუძველი არსებობდეს, მათი პასუხები სავარაუდოდ ხვალ დილით იქნება ცნობილი, მომდევნო დღეებში უფრო ნათელი სურათი გვექნება, ამ ეტაპზე კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს," - აცხადებს ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ტიგრან ეგოიანი.

დღის ამბები