07 ივლისი 2020,   10:58
ვრცლად
სისხლიანი ბიზნესგარჩევა ბაგებში - რა ვერ გაიყვეს ბარის მეწილეებმა, რომლის ერთ-ერთი მფლობელი დღეს პოლიციამ დააკავა

ბაგებში მომხდარი ბიზნესგარჩევიდან რამდენიმე საათში, პოლიციამ ბიზნესმენი მერაბ ხიდაშელი ჯგუფური ძალადობისთვის დააკავა. ის ბარ "არტ ჰაუს თბილისის" ერთ-ერთი მთავარი მეწილეა. "კურიერმა" გაარკვია, რომ ორ მხარეს შორის დაპირისპირება, სწორედ წილების გადანაწილებას უკავშირდება.

"კურიერის" ინფორმაციითვე უთანხმოება ხიდაშელსა და წიკლაურს შორის დიდი ხანია არსებობს. გიორგი წიკლაურის გარდა, ბაგებში მომხდარ დაპირისპირების საქმეში ირაკლი პაპავას სახელი და გვარიც ფიგურირებს. ირკვევა რომ ფინანსური დავა ხიდაშელს სწორედ გიორგი წიკლაურთან ჰქონდა, ახლა პაპავაც და წიკლაურიც დაჭრილია, დაკავებული ბიზნესმენი კი ბრალდებას არ აღიარებს, ამბობს, რომ სროლის დროს შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა.

ირკვევა რომ საქმეში, ორი - ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი ფიგურირებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ამბობს, რა ნივთმტკიცებები დევს საქმეში და რის საფუძველზე დააკავეს მერაბ ხიდაშელი, რომლისთვისაც უცნობი რჩება, თუ რომელი პირის დაჭრას ედავება გამოძიება.

გარჩევაში მონაწილე დაჭრილი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გიორგი წიკლაურს ცივი იარაღით სახისა და ბარძაყის არეში აქვს დაზიანება მიყენებული, ირაკლი პაპავა კი ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი. მათ გვიან ღამით გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ.

სისხლიანი ბიზნესდავის დეტალები არ იციან თვითმხილველებმა და შემთხვევის ადგილზე მცხოვრებლებმა. თუმცა დღეს, "კურიერთან" მათ გაიხსენეს თუ rა ხდებოდა გუშინ საღამოს ბაგებში. ადგილობრივების ინფორმაციით, ჯერ მოხდა დანით დაჭრა და შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლა. ადგილობრივებმა დაინახეს მანქანები, რომელთაც შემთხვევის ადგილი გასროლიდან მალევე დატოვეს.

"კურიერის" ინფორმაციით, დაჭრილ წიკლაურთან და პაპავასთან ერთად კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მალევე მიიმალა, მას პოლიცია ამ დრომდე ეძებს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვის მუხლებით მიმდინარეობს.

დღის ამბები