07 ივლისი 2020,   09:45
ვრცლად
უთანხმოება ოპოზიციაში - უმრავლესობის წინააღმდეგ გაერთიანებული პოლიტიკოსები მაჟორიტარობის ადგილებს ვერ იყოფენ

პოლიტიკურ პარტნიორებს "ევროპულ საქართველოში" რიტორიკა დაუწუნეს და მოუწოდეს, რომ შეთანხმებას არ გადახედონ. პარტიის ლიდერებისთვის არჩევნებში გამარჯვების მთავარი სტრატეგია ერთიანობაზე გადის და პირველივე ტურში სწორედ ამ პრინციპის ერთგულებას ურჩევენ დანარჩენ პარტნიორებსაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გამორიცხავენ, რომ ოპოზციის შანსები ეჭვქვეშ დადგეს. პოლიტიკური მოთამაშეები დღეს ერთმანეთს ძირითადად ბრიფინგებით ესაუბრებოდნენ. 

ყოფილი თანაგუნდელებისა და ახლა უკვე პოლიტიკური პარტნიორების ეს ბრალდებები დამაბნეველი აღმოჩნდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისთვის. პარტიაში თქვეს, რომ არც ერთ საჯარო განცხადებაში საერთო მაჟორიტარებთან დაკავშირებით შეთანხმების წინააღმდეგ არ წასულან და მისი ერთგულები რჩებიან. ამ ეტაპზე პროგრამა მინიმუმი თბილისის მასშტაბით 8 ოლქზე შეთანხმებაა, სადაც სავარაუდოდ, "ნაციონალურ მოძრაობას" 3, "ევროპულ საქართველოს" კი 1 ან ორი მაჟორიტარი ეყოლება.

შალვა ნათელაშვილმა პოლიტიკურ პარტიებს დღეს კონსოლიდაციისკენ მოუწოდა და კონსულტაციებისთვის საკუთარ პარტიაში მიიწვია. თანამშრომლობის სურვილი რომ ჯერ არ დაუკარგავს, ამაზეც დილიდან ალაპარაკდა გიორგი ვაშაძე, რომელიც დიალოგისთვის მზად არის და ფიქრობს, რომ პირველივე ტურში ოპოზიცია სახელისუფლებო პარტიას გაერთიანებული ძალებით უნდა დაუპირისპირდეს.

ახლა ოპოზიციური მოლაპარაკების მაგიდის გარშემო მსხდომი ძალები "ლეიბორისტულ პარტიაში" შეხვედრას ელოდებიან, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა ჩატარდეს. დღეს კი, ყველა პოლიტიკური მოთამაშის მთავარი გზავნილი იყო, რომ "მაგიდა არ უნდა აყირავდეს" და დედაქალაქში მაინც შეძლონ საერთო კანდიდატებზე შეთანხმება.

პოლიტიკურ პარტნიორებთან დიალოგს განაგრძობს, თუმცა ამომრჩევლებისთვის მიცემული დაპირების ერთგული რჩება პოლიტიკური გაერთიანება "ლელო". ახლადშექმნილი პარტია გეგმავს, რომ ძალები 2020 წლის არჩევნებში დამოუკიდებლად გამოსცადოს და 30-ვე ოლქში საკუთარი კანდიდატები ჰყავდეს. თუმცა "ლელოში" არ გამორიცხავენ, რომ თბილისთან დაკავშირებით ისე იმოქმედონ, რომ შესრულდეს ოპოზიციის სტრატეგიული მიზანი - მმართველი ძალა ოპოზიციაში გადავიდეს.

გაერთიანებული ოპოზიცია ერთიან კანდიდატებზე შეთანხმდა, თუმცა ეს შეთანხმება მხოლოდ თბილისს ეხება. 31-მა პარტიამ 8 ადგილზე 8 საუკეთესო უნდა შეარჩიოს. დანარჩენ 22 ოლქში კი, შესაძლოა, ოპოზიციურმა პარტიებმა მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მიიღონ. დრო სულ უფრო ცოტა რჩება. კანდიდატები ოპოზიციამ 20 ივნისამდე უნდა დაასახელოს, შეთანხმების მიღწევის საბოლოო თარიღად სწორედ ეს დღე განისაზღვრა.

დღის ამბები