07 ივლისი 2020,   10:49
ვრცლად
დაბრუნდება თუ არა პლაქვენილი COVID 19-ით დაავადებულების სამკურნალოდ - პრეპარატზე ცდები კვლავ განახლდა

კორონავირუსთან საბრძოლველად "ჰიდროქსიქლოროქსინის" გამოცდა განახლდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უსაფრთხოების მონიტორინგის საბჭომ დაასკვნა, რომ "პლაქვენილზე" ცდების შეჩერების მიზეზი არ არსებობს.

სპეციალისტები თვლიან, რომ რადგან სოლიდარობის კვლევაში პრეპარატი დარჩა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ წამალი ეფექტურია კოვიდინფიცირებული პაციენტების შემთხვევაში. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ვირუსის წინააღმდეგ პრეპარატების დიდი არჩევანი ისედაც არ არის და ყველა შესაძლო მედიკამენტი უნდა გამოიცადოს.

მას შემდეგ, რაც "ლანცეტის" კვლევამ აჩვენა, რომ "ჰიდროქსიქლოროქინით" მკურნალობა ახალი კორონავირუსის პაციენტებში სიკვდილიანობის დონეს ზრდიდა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 25 მაისს მიიღო გადაწყვეტილება "პლაქვენილის" გამოყენება დროებით შეწყვიტა. თუმცა, ერთ კვირაში მონაცემების გადახედვის შემდეგ, ეს ჰიპოთეზა უარყო. "პლაქვენილზე" 200-ზე მეტი კვლევა მიმდინარეობს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ თავისი წილი პასუხიმგებლობა აიღო, თუმცა მოკლე დროში მაღალი ხარიხის კვლევები ვერ გაკეთდება.

სოლიდარობის კვლევაში "პლაქვენილის" გარდა "რემდესივირი", "ლოპინავირ - რიტონავირი" და ამავე პრეპარატს დამატებული "რინტეფეროლი" იქნება. ოთხივე პრეპარატი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ წარსული გამოცდილების საფუძველზე აარჩია. თუმცა, საქათველოს, ჯერჯერობით, გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, დააბრუნებენ, თუ არა მალარიის საწინააღმდეგო წამალს კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ.

"ჰიდროქსიქლოროქსინი" Covid-19-ის საკონტროლო კვლევების გარეთ არ გამოიყენება. თავის მხრივ, სამედიცინო ჯგუფი ვალდებულია, პაციენტს მკურნალობის შესაძლო რისკებზე ინფორმაცია მიაწოდოს და მისგანაც თანხმობა მიიღოს. კოვიდმიმღებ განყოფილებებში ამბობენ, რომ პაციენტებს "პლაქვენილის" მიღების პარალელურად, რისკების შესაფასებლად სპეციალური კვლევები უტარდებოდათ. არცერთ შემთხვევაში სერიოზული გვერდითი მოვლენა არ გამოვლენილა - მათ შორის, არც გულის რიტმის დარღვევები ყოფილა. თუმცა, ახლა ისინი ახალი პროტოკოლის მოლოდინში არიან.

მსოფლიო მეცნიერების არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჯერჯერობით, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ვაქცინა ან მედიკამენტი არ არსებობს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს რეკომენდაციის დაცვის აუცილებლობაზე აფრთხილებს და შემოდგომაზე ვირუსის მეორე ტალღას აანონსებს.

დღის ამბები