08 ივლისი 2020,   10:38
ვრცლად
ჭიათურის მერიამ სატრენაჟორო სივრცე ხალხისგან მიტოვებულ ადგილას მოაწყო

ჭიათურის მერიამ ღია სატრენაჟორო სივრცე მიტოვებულ ეზოში მოაწყო. სავარჯიშო ინვენტარის დამონტაჟება ქალაქის ბიუჯეტს 20 ათასი ლარი დაუჯდა, თუმცა ტერიტორიის ირგვლივ დღეს თითქმის აღარავინ ცხოვრობს. კორპუსების ავარიულობის გამო მოსახლეობის უმრავლესობამ უკვე რამდენიმე წელია საცხოვრებელი შეიცვალა. მოედნამდე მისასვლელი საავტომობილო გზა ავარიულია, საბაგირო კი, რომელლიც დასახლებას მუნიციპალიტეტის ცენტრთან აკავშირებდა, უკვე ერთი წელია აღარ მუშაობს.

მერიის მიერ თითქმის გაუკაცრიელებულ ადგილზე დამონტაჟებული სარეკრეაციო სივრცით ვერც დასახლების სხვა წერტილში მაცხოვრებელი მოქალაქეები სარგებლობენ. ამბობენ, რომ მოუწესრიგებელი გზის გამო, სადაც ძირითადად სატვირთო ავტომობილები გადაადგილდებიან, ბავშვებს სახლიდან მოშორებით ვერ უშვებენ. ადგილობრივების ნაწილისთვის გაუგებარია, რატომ მოაწყო მერიამ სავარჯიშო მოედანი იქ, სადაც შინაური ცხოველების გარდა თითქმის არავინ დადის.

საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა და მოქალაქეების ინტერესების გაუთვალისწინებლობა - ასე აფასებს ადგილობრივი ოპოზიცია მერიის მიერ შესრულებულ სამუშაოს. ოპოზიციონერები "კურიერთან" ყვებიან, რომ გასულ წელს თვრამეტი მსგავსი მოედანი დამონტაჟდა. პოლიტიკოსების განმარტებით, მერიამ ამ საქმისთვის 300 ათას ლარზე მეტი ისე დახარჯა, რომ მოქალაქეებისთვის არ უკითხავს, რა იყო მათთვის პრიორიტეტული. 

"ოცდახუთის" დასახლებაში მოწყობილ სპორტულ სივრცესთან მისასვლელი გზა რომ პრობლემაა, ამას არც ჭიათურის მერი უარყოფს. გივი მოდებაძე განმარტავს, რომ ადგილზე გზის მისაყვანად მერია ტენდერს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს. მოდებაძის მტკიცებით, უგზოობისა და მოქალაქეებისგან დაცლილი კორპუსების მიუხედავად, სავარჯიშო დანადგარები თვითმართველობამ ამ ტერიტორიაზე მოსახლეობის მოთხოვნით დაამონტაჟა.

დაცლილი კორპუსი, გაფუჭებული გზა და სპორტული მოედანი მიტოვებულ კორპუსებს შორის, სადაც ადამიანზე ხშირად მსხვილფეხა პირუტყვი დადის - ასე გამოიყურება ჭიათურაში ერთ-ერთი დასახლება დღეს. უბანში, სადაც მერიამ გზაზე ტრენაჟორები მიიტანა, დღემდე სასმელი წყლის პრობლემაც გადაუჭრელია.

 

დღის ამბები