11 დეკემბერი 2018,   09:52
ვრცლად
გამოვიყენეთ ის ბერკეტი რაც იყო დარჩენილი - ზურაბ აბაშიძე 

„რუსეთის მხარე ვერ აარიდებს თავს პასუხისმგებლობას იმის გამო, რაც მოხდა, ვიმეორებ ჩვენ მათგან ველით კონკრეტულ დაუყოვნებლივ ნაბიჯებს ცხედრის ოჯახისთვის გადაცემის სახით,"- აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე.

აბაშიძის განცხადებით, ლავროვის უწყების განცხადებაში ერთადერთი რამ იკითხება, რომ კრემლი ცდილობს თავი აარიდოს არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას. აბაშიძე მოუწოდებს, რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, რომ დროულად გადადგას ქმედითი ნაბიჯები და გადმოსცეს ცხედარი ოჯახს.

"აღნიშნული კომენტარით რუსეთის მხარე ფაქტობრივად ცდილობს გაემიჯნოს ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტს და მას მხოლოდ სამწუხარო მოვლენას უწოდებს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენთის მნიშვნელოვანია, არა ზოგადი განცხადებები და კომენტარები არამედ ის რომ ცხედარი სასწრაფოდ გადაეცეს ოჯახს.

რუსეთის მხარე ვერ აარიდებს თავს პასუხისმგებლობას იმის გამო, რაც მოხდა, ვიმეორებ ჩვენ მათგან ველით კონკრეტულ დაუყოვნებლივ ნაბიჯებს ცხედრის ოჯახისთვის გადაცემის სახით.

თუკი რაიმე საერთაშორისო ბერკეტი არსებობს ჩვენ ეს გამოვიყენეთ, იქნებ კიდეც ვინმემ რაიმე გვირჩიოს, ის ბერკეტი რაც იყო დარჩენილი - თვით რუსეთის მხარეს მივმართოთ, უმაღლეს ხელისუფლებას, პრემიერმა ეს ნაბიჯიც გადადგა"-განაცხადა აბაშიძემ.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადება დღეს გამოქვეყნდა. განცხადებაში ოფიციალური მოსკოვი მიესალმება ჟენევის დისკუსიაში პრემიერის ჩართვის ინიციატივას. საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთისთვის ეს ჟესტი იმის ნიშანია, რომ მარტის ბოლოს დაგეგმილ რაუნდზე ქართული მხარის კონსტრუქციულობას გამოიჩენს.

ამავე თემაზე
დღის ამბები