11 დეკემბერი 2018,   09:57
ვრცლად
დაგროვებითი პენსია და პენსიის ზრდა - ხმაურიანი დებატები საპარლამენტო უმცირესობასა და ფინანსთა მინისტრის მოადგილეს შორის

ფინანსთა მინისტრის მოადგილის შეხვედრა საპარლამენტო უმცირესობის წევრებთან ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დაგროვებითი პენსიის შესახებ დებატები პარლამენტში ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. უმცირესობა იმ შესაძლო საფრთხეებსა და კორუფციის რისკებზე საუბრობს, რომელიც შესაძლოა, რეფორმის ამოქმედებას მოჰყვეს.

ოპოზიცია რამდენიმე მიზეზს ასახელებს, მათ შორის მთავარი კითხვა დაგროვებული პენსიის შენარჩუნებას და გარანტიებს ეხება. ოპოზიციისთვის ასევე გაუგებარია, რატომ უნდა იყოს დაგროვებითი პენსია სავალდებულო და არა ნებაყოფლობითი.

„ხალხს რატომ არ უტოვებთ არჩევანს თავად გადაწყვიტონ, დაზოგონ და გენდონ თუ არა? რატომ არ უტოვებთ არჩევანს, თუ ასეთი კარგი რეფორმაა,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

„სავალდებულოობასთან დაკავშირებით გვქონდა ბევრი სცენარი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უნდა მოხდეს დიფერენცირება,“ - უპასუხა ნიკოლოზ გაგუამ კახიძის შეკითხვას.

ოპოზიცია ასევე დაინტერესდა, რატომ არ ემატებათ პენსიონერებს პენსია, რაზეც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ პენსიის 20 ლარით ზრდა შემდგომი ორი წლის განმავლობაში იგეგმება.

„ჩვენი გეგმები პენსიასთან დაკავშირებით, ეს არის, პირველ რიგში, 20 ლარით ზრდა შემდგომი ორი წლის განმავლობაში, ყოველ წელს 20-20 ლარით ზრდა, ანუ ჯამში, მინიმუმ, 40 ლარით ზრდა,“ – განაცხადა გაგუამ.

„მთავრობა არის სრულიად მოუმზადებელი ორი ძირითად მიმართულებით - დღევანდელი პენსიონერებისთვის არ იგეგმება პენსიის ზრდა. ამიტომ საუბარი 30-წლიან პერსპექტივაზე, არის, უბრალოდ, მოტყუება იმ ადამიანების, ვისაც დღეს უჭირს და პენსია არ ჰყოფნის.

"რაც შეეხება დაგროვებით პენსიას, ჩვენ არგუმენტირებულად, არითმეტიკულად, მათივე კალკულატორის საფუძველზე ვაჩვენეთ ძალიან ნათლად, რომ ადამიანი, რომელსაც დღეს აქვს 600-ლარიანი ხელფასი, რომელიც 30 წლის განმავლობაში ზოგავს ამ 600-ლარიან ხელფასს, 30 წლის შემდეგ თვეში აიღებს 104-ლარიან დაგროვებით პენსიას.

"ეს არის ის მოდელი, რომლითაც მთავრობა შემოდის. ეს არის რეალურად მოტყუება, როგორც დღევანდელი, ასევე ხვალინდელი პენსიონერების. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ მთავრობას არ აქვს პასუხი მთელ რიგ ძალიან მნიშვნელოვან, კითხვებზე,“ - ამბობს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, ფრაქცია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრი, დავით ბაქრაძე.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ გაგუა, კი აცხადებს, რომ ოპოზიცია არასწორ რიცხვებს ასახელებს.

მისი თქმით, 104 ლარი, რომელზეც ოპოზიცია აპელირებს, მხოლოდ მათი აბსურდული გაანგარიშებით მიღებული რიცხვია. გაგუას თქმით, ფინანსთა სამინისტრო მხოლოდ საერთაშორისო გამოცდილებას ეფუძნება და დადგენილია, რომ მაჩვენებლი არა 104 ლარი, არამედ მასზე სამჯერ მეტია.

„აღნიშნული 104 ლარი ეფუძნება აბსოლუტურად არარეალისტურ გათვლებს. გათვლები, რომელიც არის კონკრეტული პიროვნებების გადაწყვეტილებები, ხოლო ჩვენი გათვლებია, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებებს. მაჩვენებელი არის მნიშვნელოვნად მეტი 2-ჯერ, 3-ჯერ და მეტჯერ მეტი, რაც შეიძლება ადამიანმა დაზოგოს,“ - აცხადებს ფინანსთა მინისტრი მოადგილე, ნიკოლოზ გაგუა.

დღის ამბები