23 სექტემბერი 2018,   23:12
ვრცლად
პარტიების დაფინანსების ფორმულის გადასინჯვა - ირაკლი კობახიძის განცხადებას ოპოზიციაში აფასებენ 

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მმართველი გუნდი, რომელიც პარტიების დაფინანსების ფორმულის გადასინჯვას გეგმავს, გამოხმაურებები მოჰყვა პოლიტიკური სპექტრში.

ირაკლი კობახიძემ ამის შესახებ განცხადება 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შესახებ მიმდინარე კონფერენციაზე გააკეთა.

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, აცხადებს, რომ ამ საკითხში სერიოზული ცვლილებებია საჭირო.

“არასდროს არ მომხდარა დამოუკიდებელი  საქართველოს ისტორიაში ფაქტი, რომ იურიდიულ პირს არ დაეფინანსებინოს ოპოზიციური პარტია. ერთადერთი შემთხვევა მოხდა თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში, როდესაც ფული ოპოზიციას მისცა ერთმა კომპანიამ. ანუ, ფირმები უფრთხიან ოპოზიციის დაფინანსებას და შემოვლითი გზებით, ფიზიკური პირები დებენ ოპოზიციაში ფულს. ეს იმის ბრალია, რომ ოპოზიციასთან ურთიერთობა არის ტოქსიკური და ოპოზიციასთან ურთიერთობა ნიშნავს ბიზნესების განადგურებას. ამ სფეროში არის საჭირო სერიოზული ცვლილებები,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ზურაბ ჭიაბერაშვილი რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ევროპული საქართველო კონსულტაციებში მონაწილეობას მიიღებს.

„პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების 90% დღეს წავიდა ქართულ ოცნებაზე. ქართულ ოცნებას აქვს უზარმაზარი ადმინისტრაციული რესურსი, რომელსაც იყენებს. თავისი აქტივისტები დასაქმებული ჰყავთ გამგეობებში და მუნიციპალიტეტებში. თუ ამას დავამატებთ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პირად რესურსს, რომ პრაქტიკულად, ეს სპობს დემოკრატიის და პოლიტიკური ცხოვრების განვითარების შანსს ქვეყანაში,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკური მდივანმა, ნინო გოგუაძემ.

„დღევანდელი ლაპარაკი პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებაზე და რეალურ ოპოზიციაზე, მე მიჩენს შიშს, რომ ქართულ ოცნებას გადაწყვეტილი აქვს, ისედაც თავისი მონოპოლიური მდგომარეობის კიდევ უფრო გაძლიერება და მის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული, რომელი პარტია მიიღებს დაფინანსებას და რომელი არა,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

დღის ამბები