23 სექტემბერი 2018,   23:14
ვრცლად
მან ორი რამ მითხრა, რისი გამხელის უფლებაც მაქვს ამ ეტაპზე - ნიკა გვარამია მამა გიორგისთან შეხვედრის დეტალებს ყვება

ნიკა გვარამია დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს.

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მსჯავრდებულის წინააღმდეგ ორი დიდი ინსტიტუციაა ჩართული - ეს არის სახელმწიფო და ეკლესია.

ნიკა გვარამია ყველა დეტალზე ვერ საუბრობს და ამბობს, რომ ამ ეტაპზე მას არა აქვს მამა გიორგისგან თანხმობა, თუმცა განმარტავს, რომ საჯაროობის გარეშე მასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

„იმიტომ, რომ საჯაროობა და საჯარო მხილება არის ყველაზე უფრო სწორი და ერთადერთი, რაც შეიძლება, მას ამ ვითარებაში დაეხმაროს,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ და აღნიშნა, რომ, თუ მას არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ ამ საქმეზე საზოგადოებასთან ისაუბროს, მაშინ არ დათანხმდება მასში ჩართვას.

მისივე თქმით, შეხვედრის დასრულების შემდეგ ის დარწმუნდა მხოლოდ ერთ რამეში, რომ მამა გიორგი მამალაძე მძევალია.

„საქმე მქონდა არა  მხოლოდ უკანონო პატიმართან, არამედ ორი ინსტიტუციის მძევალთან,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ის ამბობს, რომ მამა გიორგის აქვს ძალიან ბევრი მოსაყოლი, როგორც ეკლესიის შიგნით პროცესებზე, ასევე იმ დაჯგუფებაზე, რომელიც არის სახელმწიფო გავლენების ქვეშ და სწორედ ამიტომ მოაქციეს ის იზოლაციაში.

„საკმაოდ  უსიამოვნო შინაარსის საკითხებია, რომელიც ეხება ეკლესიას, სასულიერო პირებს, მათ მონაწილეობას არცთუ ეკლესიურ ქმედებებში. დეკანოზი მამალაძე მაშინაც და დღესაც თვლის, რომ ეს უნდა ყოფილიყო შიდა ეკლესიური განსჯის საგანი და ამისთვის ადამიანებს პასუხი უნდა ეგოთ,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ის დარწმუნებულია, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე აუცილებლად მოიგებს სტრასბურგის სასამართლოს, რადგან ის არის აბსოლუტურად აბსურდული პროცესის მონაწილე. ის ამბობს, რომ პროკურატურა საუბრობს ყველაფერზე, რაც მას სურს, სამაგიეროდ ვერაფერზე ვერ საუბრობენ ადვოკატები, რადგან მათ ხელი მოაწერინეს გაუთქმელობის დოკუმენტზე.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ, თუ ის თანხმობას განაცხადებს, გახდეს ადვოკატი დეკანოზი გიორგი მამალაძის, ის არ აპირებს რამეზე ხელის მოწერას და გაუთქმელობის პირობის დაცვას.

ნიკა გვარამიას განცხადებით, მამა გიორგი მამალაძესთან შეხვედრისას ის შოკირებული იყო მოსმენილით.

„მე ყბა ჩამომივარდა, ამ ყველაფერს რომ ვუსმენდი და ეს არ ჰგავს ტყუილს. ძალიან მაღალი ხარისხის მტკიცებულებითი ძალა აქვს ამ ადამიანის სიტყვებს,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას განცხადებით, მან კითხვებზე მიიღო დამაჯერებელი პასუხები გიორგი მამალაძესგან, მათ შორის იმ ჩანაწერებზეც, სადაც ის მის ნათესავთან ღიად საუბრობს და იყენებს უცენზურო სიტყვებს.

ის ამბობს, რომ მამა გიორგი მამალაძე დაუპირისპირდა ყველაზე უფრო გავლენიან კლანს, რომელიც სუს-ის მფარველობის ქვეშ იმყოფება და მან მაშინ, როდესაც დაიწყო ჩხრეკა ეკლესიის ფინანსური რესურსების გადაადგილების, დაუპირისპირდა ძალიან დიდ კლანს.

„მან ორი რამ მითხრა, რისი გამხელის უფლებაც მაქვს ამ ეტაპზე. მან მითხრა, რომ ამ სასჯელზე უფრო მძიმედ გადასატანი ჩემთვის გახდა ის, რაც მე აღვიქვი პერსონალურ ღალატად. ერთი, სრული უყურადღებობა და პირიქით, აგრესიული დამოკიდებულება მეუფე დიმიტრის მხრიდან. ეს არის აჭარის ეპისკოპოსი, რომლის გამოც მე მნიშვნელოვანწილად ვიმყოფები ციხეშიო. მას არც დაუმალავს, რომ მას პირდაპირ სთხოვდნენ ხელის დადებას მეუფე დიმიტრიზე და მის სიძეზე. მე ეს დანამდვილებით ვიცი მისი სიძისგანაც და მან ამაზე უარი თქვა და პრაქტიკულად გადაარჩინა ეს ადამიანები. მე მან მითხრა, რომ პრაქტიკულად გაოგნებული ვარ, რაც ამას მოჰყვა მეუფე დიმიტრის მხრიდანო. და მეორე, ვისზეც ასეთივე ემოცია ჰქონდა, იყო ამ ქვეყნის კონსტიტუციური გარანტი - საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც მას შეწყალებაზე უთხრა უარი,“ -განაცხადა ნიკა გვარამიამ და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი, ის გაკვირვებულია მისი მხრიდან შეწყალების გამოყენების პრაქტიკით.  

დღის ამბები