18 ივლისი 2018,   20:30
ვრცლად
სამი თვე გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციიდან - ბრალდებულები სასამართლოს წინაშე დღეს პირველად წარდგნენ

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციების საქმე სასამართლო ეტაპზე გადავიდა. ანტიტერორისტული სპეცოპერაციებიდან დაახლოებით სამი თვის შემდეგ, ბრალდებულები სასამართლოს წინაშე დღეს პირველად წარდგნენ.

მათი უმრავლესობა სამართალდამცველებმა პანკისის ხეობის სოფლებში ჩატარებული ოპერაციების შედეგად დააკავეს. ბრალდებულებს შორის არის შოაიფ ბორზიევიც, რომელიც ახმედ ჩატაევის გუნდის წევრად სახელდება და რომელიც თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განხორციელებული სპეცოპერაციის დროს აიყვანეს. საერთო ჯამში 8 ბრალდებულის საქმე პროკურატურამ ორ საქმედ გაყო. ორივე წინასასამართლო სხდომა დღეს დახურულ კარს მიღმა ჩატარდა.

ტერორიზმის საქმის გაყოფის გადაწყვეტილება პროკურატურამ მიიღო. ძირითად, საქმეს ცალკე გამოეყო ორი ბრალდებულის - ზურაბ გორნაკაშვილისა და ბადურ ჩოფანაშვილის საქმე. ექვსივე ბრალდებულის ინტერესების დამცველები არ გამორიცხავენ, რომ გაყოფის მიზეზი საპროცესო შეთანხმება იყოს.

ზურაბ გორნაკაშვილისა და ბადურ ჩოფანაშვილის ინტერესების დამცველები უარყოფენ, რომ ამ ეტაპზე პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა სამომავლოდ ამას არ გამორიცხავენ.

პროკურორების განცხადებით, საპროცესო შეთანხმებაზე ამ ეტაპზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, საქმის გაყოფის მიზეზი კი მისი მოცულობა გახდა. თუმცა არ გამორიცხავენ, რომ გორნაკაშვილი და ჩოფანაშვილი დანარჩენი 6 ბრალდებულის საქმეზე მოწმის სტატუსით დაიკითხონ.

გამოყოფილი ორი ბრალდებულის საქმეზე მომავალი თვიდან არსებითი განხილვები დაიწყება. გადაწყვეტილება დღეს სასამართლომ მიიღო. დანარჩენი 6 ბრალდებულის საქმეზე კი წინასასამართლო განხილვები ჯერ არ დასრულებულა. 8 ბრალდებულს პროკურატურა ტერორიზმის ხელშეწყობას და ახმედ ჩატაევისა და მისი გუნდის დახმარებას ედავება.

დღის ამბები