17 ოქტომბერი 2021,   19:06
ვრცლად
სამართლებრივი პროცესების პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირება არის უპასუხისმგებლობა - იონათამიშვილი გვარამიაზე 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე დაბარების ფაქტს ეხმაურებიან. „ქართული ოცნების “ წევრის, რატი იონათამიშვილის განმარტებით, საქმიანობის სფეროს მიუხედავად, კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

მმართველი გუნდის დეპუტატი "რუსთავი2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიერ გაკეთებულ შეფასებებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ სამართლებრივი პროცესების პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირება უპასუხისმგებლო საქციელია.

იონათამიშვილის განცხადებით, "რუსთავი2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნებისმიერი სიტუაციის თავისი პოლიტიკური შეხედულებების სასარგებლოდ გამოყენებას ცდილობს.

„იმუნიტეტი ნებისმიერ  მოქალაქეს შეიძლება გააჩნდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის პატივს სცემს კანონს და იცავს კანონს, სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა ჩვენი მოღვაწეობის სფეროს, თუ გამოძიებას აქვს კითხვის ნიშნები, პირიქით, ჩვენივე ინტერესი  უნდა იყოს, რომ ამ კითხვის ნიშნებს გავცეთ ადეკვატური პასუხები. ის ისტერია, რაც შეეხება ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების განცხადებას და მცდელობას, რომ სამართლებრივი პროცესები დაუკავშირონ პოლიტიკურ პროცესებს, რაც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს, ვფიქრობ, რომ არის უპასუხისმგებლო. ნიკა გვარამია ყოველ ჯერზე ნებისმიერი სიტუაციის გამოყენებას ცდილობს იმისთვის, რომ გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგი შეიქმნას თავისთვის და ამის საფუძველზე გარკვეული დივიდენდები მიიღოს. ეს არის, როგორც ჩანს, მისი სტილი,“- განაცხადა იონათამიშვილმა.

ნიკა გვარამიას გამოკითხვა 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ის მოწმის სტატუსით გამოიკითხა. პროკურატურამ გამოძიება სამაუწყებლო კომპანიის 9 პროცენტიანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის საჩივრის საფუძველზე დაიწყო. საუბარია დიდი ოდენობით თანხის მითვისების, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ქონების გადამალვასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე. გვარამიას დაბარებას წინ უძღოდა მის მიერ ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ განცხადების გაკეთება. დღეს კი გაირკვა, რომ გვარამიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას, "რუსთავი2"-ის ახალი გენერალური დირექტორი, პაატა სალიაც ითხოვს. 

დღის ამბები