26 ოქტომბერი 2020,   04:48
ვრცლად
ორი სისხლიანი თავდასხმა 13 საათიანი ინტერვალით - ოჰაიოსა და ტეხასში მასობრივი მკვლელობების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა

ორი სისხლიანი თავდასხმა 13 საათიანი ინტერვალით - ოჰაიოსა და ტეხასში მასობრივი მკვლელობების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, 60 კი დაშავდა. სროლის ხმა ელ-პასოს სავაჭრო ცენტრში საღამოს საათებში გაისმა. ავტომატური ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ახალგაზრდა შენობაში შეიჭრა და უმისამართო ცეცხლი გახსნა. კადრები, რომელიც ამერიკული ტრილერის სცენებს ჰგავს, შეშინებულმა ხალხმა სოციალურ ქსელში გაავრცელა და შველას ითხოვდა.

თვითმხილველები hყვებიან, რომ სროლა მხოლოდ მას შემდეგ შეწყდა, რაც სავაჭრო ცენტრში პოლიცია შევიდა და თავდამსხმელი დააკავა. ძალოვანებმა ხალხი გაიყვანეს და შენობაში 20 გარდაცვლილის ცხედარი აღმოაჩინეს. 26 მძიმედ დაჭრილი კი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. 

პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზე დააკავა. ირკვევა, რომ მასობრივი მკვლელობა 21 წლის პატრიკ კრუზიუსმა მოაწყო. დანაშაულის მოტივზე მსჯელობა მხოლოდ იმ მანიფესტითაა შესაძლებელი, რომელიც თავდასხმამდე პატრიკ კრუზიუსმა twitter-ში გამოაქვეყნა. ღია წერილში 21 წლის ახალგაზრდა მხარდაჭერას უცხადებს იმ ტერორისტს, რომელმაც ახალი ზელანდიის მეჩეთებში 50 ადამიანი დახოცა. 

ამერიკელი სამართალდამცველები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ოჰაიოს შტატშიც. ტეხასის თავდასხმიდან ზუსტად 13 საათის შემდეგ, მასობრივი მკვლელობა ქალაქ დეიტონში მოხდა. ხალხმრავალ ქუჩაზე შეიარაღებულმა პირმა უმისამართო ცეცხლი ღამის კლუბთან გახსნა და 9 ადამიანი მოკლა.

თავდასხმის შედეგად 26 ადამიანი დაშავდა. გამოძიება ფიქრობს, რომ მსხვერპლი გაცილებით უფრო დიდი იქნებოდა, რომ არა პოლიცია, რომელიც მომხდარს შეესწრო და ბოროტმოქმედი საპასუხო გასროლით მოკლა.

დეიტონის მკვლელის მოტივი და ვინაობა ამ დროისთვის უცნობი რჩება. ორივე ქალაქში გლოვა გამოცხადდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები