26 ოქტომბერი 2020,   05:43
ვრცლად
სამჯერ გაზრდილი სამივლინებო ხარჯი ჩინოვნიკებისთვის - პრემიერმა წლის პირველ ნახევარში 3 მილიონ ლარამდე დახარჯა

საქართველო პრემიერმინისტრი რეკორდსმენია. მამუკა ბახტაძემ უცხოეთში ვიზიტებზე ყველაზე მეტი ფული დახარჯა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებში კარგად ჩანს, რა დაუჯდა ხალხს, მხოლოდ მთავრობის მეთაურის გუნდის საზღვარგარეთ ვიზიტები. პირველ ექვს თვეში მამუკა ბახტაძემ, თითქმის, 300%-ით მეტი დახარჯა, ვიდრე შარშან, იანვრიდან ივნისამდე ბახტაძის და მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლების საზღვარგარეთ წასვლასა და ცხოვრებაში საქართველოს მოქალაქეებმა 2 მილიონ 320 ათასი ლარი გადაიხადეს.

პრემიერის ადმინისტრაციამ წერილობით განმარტა, რატომ ხარჯავს ამდენ ფულს ბახტაძე მივლინებებში. მთავრობის ადმინისტრაციაში ამტკიცებენ, რომ უცხოეთში პრემიერი ხშირად კავშირების დასამყარებლად დადის.

ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ მაშინ, როდესაც მთავრობის სამივლინებო ხარჯები წლიდან წლამდე იზრდება, საქართველოს საკითხი საგარეო ასპარეზზე სულ უფრო უკანა პლანზე ინაცვლებს, რაც უცხოეთში გაწეულ ორმაგი ხარჯების არაპროპორციულია.

პრემიერი მარტო არ არის, წლიდან წლამდე ხალხს უფრო მეტი უჯდება ჩინოვნიკების უცხოეთში ვიზიტები. სახელმწიფო აუდიტის მონაცემებში ეს მზარდი დინამიკა კარგად ჩანს. წელს პირველ ექვს თვეში მივლინებები მოქალქეებს 40 მილიონზე მეტი დაუჯდათ, არადა შარშან ეს რიცხვი 37 მილიონი იყო, შარშანწინ კი - 34.

2019 წლის პირველ ექვს თვეში სამივლინებო ხარჯებისთვის მხოლოდ თავდაცვის სამინისტრომ 21 მილიონი დახარჯა. უწყების წერილობით განმარტებაში წერია, რომ ამ თანხის უმრავლესობა უცხოეთში სამშვიდობო მისიებში მყოფი ჯარისკაცების ხელფასებს მოხმარდა. რაც შეეხება განათლების სამინისტროს, რამდენიმე უწყების გაერთიანების მიუხედავად, სამივლინებო ხარჯი 2019 წელს აქაც სოლიდურია, მხოლოდ 6 თვეში ამ მიზნით უწყებამ 3 მილიონი დახარჯა.

დღის ამბები