26 ოქტომბერი 2020,   06:22
ვრცლად
დონბასში იერიშები გრძელდება - ზელენსკი ნორმანდიული ოთხეულის ფორმატში მოლაპარაკების განახლებას ითხოვს

21 ივლისს გამოცხადებული ზავის მიუხედავად, დონბასში იერიშები მაინც გრძელდება. კიევის მემორიალთან უკრაინის მოქალაქეები და სამხედროები დონბასში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას მიაგებენ პატივს. ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ დონეცკის ოლქში, პავლოპოლის რაიონში მოხდა.

პრორუსმა მებრძოლებმა უკრაინელი სამხედროების პოზიცია ააფეთქეს, რასაც 4 ჯარისკაცი ემსხვერპლა. ოქტომბრის შემდეგ ეს უკრაინის არმიისთვის ერთ დღეში განცდილი ყველაზე დიდი დანაკარგია.

უკრაინელი ჯარისკაცების დაღუპვის შემდეგ ვლადიმერ ზელენსკიმ სამხედრო და სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებთან საგანგებო შეხვედრა გამართა. უკრაინის ლიდერი ტელეფონით ესაუბრა რუს კოლეგასაც და მოუწოდა, პრორუსი სეპარატისტები შეაჩეროს. დონბასში ვითარების დეესკალაციის საკუთარი პირობები აქვს ვლადიმერ პუტინსაც. ოფიციალური მოსკოვი დონეცკისა და ლუგანსკისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას და კიევის მხრიდან დასახლებული პუნქტების მიმართულებით, ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს.

უკრაინის პრეზიდენტი ნორმანდიული ოთხეულის საგანგებო შეხვედრის მოწვევასაც მოითხოვს. ბოლოს, ამ ფორმატის შეხვედრა 2016 წელს გაიმართა. ზელენსკის ინიციატივას მხარი უკვე დაუჭირა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ემანუელ მაკრონს უკრაინის ლიდერი ვლადიმერ პუტინის შემდეგ ესაუბრა.

დონბასში ვითარების გაუარესება თურქეთში ვლადიმერ ზელენსკის პირველ ოფიციალურ ვიზიტს დაემთხვა. უკრაინის პრეზიდენტი დღეს მოლაპარაკებებს თურქ კოლეგასთან მართავს, ხვალ კი სტამბოლში მსოფლიო პატრიარქთან შეხვედრაა დაგეგმილი. თუმცა გამორიცხული არ არის, დღის წესრიგი შეიცვალოს.

დღის ამბები