09 ივლისი 2020,   05:04
ვრცლად
საქალაქო სასამართლო ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობა დაიწყო.  პროკურატურა „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ 80 000-ლარიან გირაოს და უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას მოითხოვს.

მოსამართლის კითხვაზე, ხომ არ მიაყენეს საქმის წარმოების დროს მას სიტყვიერი შეურაცხყოფა, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ ის დაამცირეს. "რუსთავი 2-ის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორიმა პროკურორის, ამირან გულუაშვილის მიერ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახმოვანებული განცხადება მოიყვანა, სადაც მან ბინების გაყიდვაზე ისაუბრა. გვარამიას თქმით, ამაზე ყურადღების გამახვილება მისთვის ღირსების შელახვას ისახავდა მიზნად.

„ამას ჰქონდა ადგილი, დამცირებას, მათ შორის... პროკურატურის თანამშრომელმა გულუაშვილმა ჩაატარა ბრიფინგი საქართველოს პროკურატურაში და ისაუბრა ჩემ მიერ ჩადენილ დანაშაულზე... ამ გარემოებებში იყო ერთ-ერთი გარემოება, ე.წ. ბინების საკითხი, რომელიც არ არის ჩემთვის, გუშინ გადმოცემულ ბრალდებაში. რეალურად საუბარი იყო, რომ მე ეს ბინები მოვპარე ტელეკომპანია "რუსთავი 2-ს", ეს იყო მესიჯი რეალურად, მე მართალი გითხრათ, ბოლომდე მეგონა, რომ ეს არის ბრალდება... მე ვსვამ კითხვას, რატომ გამოტოვა ეს გარემოება და რატომ მომაყენა მე პირადად შეურაცხყოფა, დააზიანა ჩემი საქმიანი რეპუტაცია შეგნებულად“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი გუშინ წაუყენა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

დღის ამბები