17 ოქტომბერი 2021,   19:13
ვრცლად
ზალკალიანსა და ლავროვს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით არასაპარლამენტო ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა

ზალკალიანსა და ლავროვს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით არასაპარლამენტო ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა.  ”ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე თვლის, რომ ხელისუფლებამ სიჯიუტით ქვეყანა უფრო ღრმა ჩიხში შეიყვანა და მოლაპარაკებები აქამდეც უნდა დაეწყო.

"9 წლის განმავლობაში კიდევ უფრო ღრმად შევედით ჩიხში, ამ უტვინო სიჯიუტის გამო, რომლის გამოც არ ველაპარაკებოდით, თუ თავისუფალი გინდა იყო, რუსეთისგანაც თავისუფალი უნდა იყო, ამერიკისგანაც და ავსტრალიისგანაც. როცა შენ ხელისუფლებას მხოლოდ დასავლეთის კარნახით შეუძლია ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებზე გადაწყვეტილების მიღება, რომელ თავისუფლებაზე მელაპარაკებით. თუ როგორაა ამერიკის მონა თუ ხარ კარგია და რუსეთის მონა ცუდი?"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

"შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი რუსეთთან დიალოგის დროს პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობას უსვამს ხაზს.

"თუ საქართველოს მხარე წარმოდგენილი იყო ამ შეხვედრაზე დაჩაგრული მთხოვნელის როლში, მეტს აღარ ვიზამთ რამე ისეთს, რითიც გაგაღიზიანებთ და ამიტომ მოდით თქვენც ნუღარ შემოგვიტევთ, მაშინ რუსეთი კიდევ მეტად შემოგვიტევს. თუ აქ იქნებოდა პრინციპული პოზიციები ღიად და საქმიანად წარმოჩენილი, მაშინ შეიძლება ჩვენ გვქონდეს დადებითი შედეგები, მე ძალიან გამიკვირდებოდა თუ შვეიცარიის მხარე ამ შეხვედრას არ ესწრებოდა და არ მექნებოდა ეს რჩევა მთავრობისადმი, რომ ერთი-ერთზე შეხვედრაზე წასულიყვნენ შვეიცარიელების გარეშე,"- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი კი მიიჩნევს, რომ ვიდრე რუსეთის მიერ ჩადენილი აგრესია გენოციდად არ გამოცხადდება და ოკუპანტები არ დაისჯებიან, რუსეთთან ლაპარაკი არ შეიძლება.

„რუსეთთან მოლაპარაკებაზე დაჯდომა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩადენილი აგრესია გამოცხადდება გენოციდად, რუსეთის სახელმწიფოს დაედება საერთაშორისო სანქციები, თუ საქართველოს ტერიტორიაზე გაიხსნება ამერიკული სამხედრო ბაზა, თუ ყველა ოკუპანტი თანამდებობის პირი, მათ შორის რუსი სამხედროები დაჯდებიან ინტერპოლით ძებნაზე და თუ სოხუმი გამოცხადდება საქართველოს კონსტიტუციურ დედაქალაქად. ამის შემდეგ შეიძლება ველაპარაკოთ რუსეთ-საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე,"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები