20 იანვარი 2021,   21:24
ვრცლად
ანა დოლიძე დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ - სააპელაციო სასამართლო საქმის განხილვას იწყებს

ანა დოლიძე დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ - საქმის განხილვას სააპელაციო სასამართლო იწყებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა სასამართლოს ერთი წლის წინ მიმართა. ის კოლეგას პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვას ედავება.

საუბარია გვრიტიშვილის მიერ 2018 წელს გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ ანა დოლიძეს რუსულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი განმარტებით, 1 წლიანი ლოდინის შემდეგ აღნიშნულ საქმეს მოსამართლე გენადი მაკარიძე უხელმძღვანელებს, რომელიც სააპელაციო სასამართლოში 27 ნოემბერს განიხილება. ანა დოლიძის თქმით, ჩნდება კითხვები, რატომ შეეცვალა მოსამართლე მის საქმეს.

"მეორე პრობლემა არის ის, რომ ბატონი მაკარიძე სექტემბერში, სულ 2 თვის წინ დაწინაურდა ამ შენობაში და დაწინაურდა რა თქმა უნდა კლანის მიერ. შესაბამისად ჩნდება კითხვები, რატომ დაეწერა ჩემი საქმე, რატომ შეეცვალა მოსამართლე ჩემს საქმეს და რატომ დაეწერა სახელდახელოდ დანიშნულ ერთ-ერთ ფავორიტ მოსამართლეს," - აღნიშნავს ანა დოლიძე.

როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი "კურიერთან" სატელეფონო საუბარში აცხადებს, ანა დოლიძე 2008 წლის ომის შემდგომ არასამთავრობო ორგანიზაცია "Russian Justice Initiative-ში" მუშაობდა, რომელიც ამჟამადაც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს.

"საუბარია არასამთავრობო ორგანიზაცია "Russian Justice Initiative", ეს ორგანიზაცია არის აბსოლუტურად პრორუსული ორიენტაციის და ეს ორგანიზაცია მუშაობს იმისთვის და იმუშავა იმისთვის 2008 წლის ომის შემდგომ, რომ საქართველოს წინააღმდეგ საჩივრები შესულიყო სტრასბურგის სასამართლოში და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ჰააგაში. ვიმეორებ სრული პასუხისმგებლობით, რომ ანა დოლიძემ აი ამ სამუშაოს შესრულებით იმუშავა საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ და რუსეთის სასარგებლოდ," - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

დღის ამბები