26 ოქტომბერი 2020,   05:54
ვრცლად
თქვენ შეცდომაში ხართ შეყვანილი - კახა კუჭავას პასუხი ევროპარლამენტარების კრიტიკაზე

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე ქართულ დელეგაციას ევროპარლამენტარების მწვავე კითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა, მათ შორის იყო პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება და პოლიტიკური ოპონენტების დევნა.

ევროპარლამენტარების კრიტიკული შეფასებების პასუხად დელეგაციის წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახაბერ კუჭავამ განაცხადა, რომ ევროპარლამენტარები გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით შეცდომაში არიან შეყვანილი:

"ზოგი წამოწეული საკითხი ცხადყოფს, რომ თქვენ შეცდომაში ხართ შეყვანილი, უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციას ჩვენი გეგმა შევთავაზეთ, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ჩვენ ოპოზიციის პასუხს ველით. შეთანხმება ნიშნავს, რომ ორივე მხარე რაღაცაზე უნდა შეჯერდეს. ჩვენ შევთავაზეთ შერეული სისტემით ჩატარებულიყო არჩევნები. აუცილებელია მოვლენების განვითარებასაც მივადევნოთ თვალი," - განაცხადა კახა კუჭავამ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ნებისმიერი გამოწვევის მიუხედავად დემოკრატიული განვითარება საქართველოს ხელისუფლების უდიდესი მიზანია:

"საქართველო მიდრეკილია დემოკრატიისკენ, საქართველოს მთავრობას სურს დემოკრატია, გარემო ზოგადად არის დემოკრატიული, თავისუფალი მედია და გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია და რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი ხდება კანონის სრული დაცვით. დემოკრატიული რეფორმები ჩვენთან დღის წესრიგშია და ნებისმიერი გამოწვევის მიუხედავად დემოკრატიული განვითარება ჩვენი უდიდესი მიზანია. თავისუფლებისთვის ჩვენ ყოველდღიურად ვიბრძვით და ამ ბრძოლაში თქვენი იმედი გვაქვს," - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დღის ამბები