09 ივლისი 2020,   06:04
ვრცლად
ხარაგაულში ავტომაგისტრალზე დასაქმებული ქართველები ჩინელების ჩამოყვანას აპროტესტებენ და მათ სამედიცინო შემოწმებას ითხოვენ

ხარაგაულში, სოფელ საქასრიას ავტომაგისტრალზე დასაქმებული ქართველები, ობიექტზე ჩინელი მოქალაქეების ჩამოყვანას აპროტესტებენ.

მათი თქმით, ათამდე ჩინელი ობიექტზე გუშინ შეიყვანეს და ადგილზე კარანტინი ისე გამოაცხადეს, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის.

თანამშრომლები ობიექტიდან ახლად ჩამოყვანილი ჩინელების გაყვანას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მუშაობის გაგრძელებაზე უარს ამბობენ.

მათი თქმით, ადგილზე მყოფი სხვა ჩინელებიც ეუბნებიან, რომ იზოლირებულ ტერიტორიას არ მიუახლოვდნენ, რადგან საშიშია. როგორც კომპანიის კოორდინატორი გოჩა კოპაძე აცხადებს, უკვე მიდის მუშაობა და შვიდ ჩინელს სოფელ ბორითში, ცენტრალურ ოფისში იზოლირებულ ობიექტზე გადაიყვანენ.

მისივე თქმით, მოქალაქეები ობიექტზე დასაქმებული არიან და შვებულებაში იმყოფებოდნენ, დაბრუნდნენ საქართველოში და უსაფრთხოების მიზნით ორი კვირა იზოლირებული ეყოლებათ. კოპაძის ინფორმაციით, ჩამოსულები სამედიცინო შემოწმებას დღეში რამდენჯერმე გადიან და მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვთ.

რაც შეეხება ობიექტზე მიყვანას, კომპანიის კოორდინატორის თქმით, გუშინ ადგილზე დროებით მიიყვანეს, რადგან ბორითში საიზოლაციო სამუშაოები დასრულებული არ იყო და დღეს ისევ გადაიყვანეს.

დღის ამბები