04 აგვისტო 2020,   15:39
ვრცლად
კახა კალაძის თქმით, ჯერჯერობით კორონავირუსის საფრთხე საქართველოში არ არსებობს

საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის შემდეგ, შესაძლოა, ირანიდან მოქალაქეების საქართველოში შემოყვანა სახმელეთო საზღვრითაც შეიზღუდოს. ამ დრომდე მკაცრი კონტროლია საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე, რომლის გავლითაც ადამიანები ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ხვდებიან. ერთ-ერთია სომხეთ-საქართველოს სასაზღვრო ზოლიც.

საქართველომ ამ დროისთვის ირანთან მხოლოდ ავიამიმოსვლა შეაჩერა, თუმცა, არაოფიციალურად, ირანთან უკვე სახმელეთო მიმოსვლაც შეუძლებელია, რადგანაც ირანთან საზღვრები როგორც თურქეთმა, ასევე სომხეთმაც ჩაკეტეს. საქართველოდან გასული ავტობუსები კი ირანში ვერ ხვდებიან.

ორთაჭალის ავტოსადგურში ამბობენ, რომ ყველა რეისი ირანის მიმართულებით არის გაუქმებული, ბოლო რეისი კი დილით 11 საათზე შესრულდა, თუმცა ქვეყანა ცარიელმა ავტობუსმა დატოვა.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით კომენტარი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გააკეთა. კალაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

"ჯერჯერობით, არანაირი საშიშროება ამისი არ არსებობს, თუ რაიმე იქნება,  შესაბამისი ზომები იქნება მიღებული, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა დავამშვიდო მოსახლეობა, რომ ამ მიმართულებით არანაირი საფრთხე არ არსებობს," - აცხადებს კახა კალაძე.

კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას კორეაში საქართველოს საელჩო ავრცელებს, რომელიც მოუწოდებს ქვეყანაში მყოფ ქართველებს, რეკომენდაციებს დაემორჩილონ და ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისგან თავი შეიკავონ.

ამავე თემაზე
დღის ამბები