26 ოქტომბერი 2020,   06:19
ვრცლად
დაძაბულობა და დაპირისპირება დელეგატებს შორის - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი კვლავ ვერ აირჩიეს

რაგბის კავშირის პრეზიდენტი კვლავ ვერ აირჩიეს, არჩევნები ჩაიშალა. ყრილობაზე მხოლოდ 20 დელეგატი გამოცხადდა, რაც ქვორუმისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა. ამის შემდეგ პროცესები ხმაურით გაგრძელდა. არჩევნების ჩატარების ახალი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. პრეზიდენტობისთვის სულ 3 კანდიდატი იბრძვის: გოჩა სვანიძე, ბაჩო ხურციძე და ირაკლი აბუსერიძე, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრია.

საარჩევნო ყრილობის დაწყებამდე დელეგატების რეგისტრაცია დაახლოებით 2 საათის მანძილზე, დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა. დელეგატები ერთმანეთს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ.

საბოლოოდ, საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები კიდევ ერთხელ გადაიდო. პირველად, დაახლოებით ერთი თვის წინ, პრეზიდენტობის ორი კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძის და ბაჩო ხურციძის თხოვნით, რაგბის კავშირის გამგეობამ ყრილობა 24 თებერვალს დანიშნა.

ირაკლი აბუსერიძე და მისი თანამოაზრეები ამბობენ, რომ არჩევნების ჩაშლა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან არჩევნებამდე გოჩა სვანიძემ გარკვეულ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი.

რამდენიმე დღის წინ აუდიტის დასკვნა დაიდო, სადაც ფინანსურ დარღვევებზეა საუბარი. გოჩა სვანიძე ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. სვანიძეს ასევე მიაჩნია, რომ ხელოვნურად აიძულეს კლუბები, რათა მათ არჩევნების ბოიკოტირება მოეხდინათ.

არჩევნებს არ დაესწრო ბაჩო ხურციძე. პრეზიდენტობის კანდიდატმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც საკუთარი გადაწყვეტილება დეტალურად ახსნა. ამ დროისთვის უცნობია, მიიღებს თუ არა ბაჩო ხურციძე მომავალ არჩევნებში მონაწილეობას.

საპრეზიდენტო არჩევნების ახალ თარიღს რამდენიმე დღეში რაგბის კავშირის გამგეობა გამოაცხადებს. წესდების თანახმად, არჩევნები 10-დან 30 დღის ვადაში უნდა გაიმართოს.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები