26 ოქტომბერი 2020,   05:15
ვრცლად
ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმე - დაკავებული მარიანა ჩოლოიანი სასამართლო პროცესს დღესაც ვერ დაესწრება

მარიანა ჩოლოიანი ამ დრომდე ღუდუშაურის საავადმყოფოში რჩება. დღეს 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული გამომძიებლის პროცესი უნდა გაიმართოს. ეს იქნება პირველი სხდომა, მას შემდეგ, რაც სასამართლო არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა. თავად მარიანა ჩოლოიანი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე პროცესს დღესაც ვერ დაესწრება.

"კურიერს" სურდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალი გაეგო, თუმცა როგორც მისი ექიმი ამბობს, თავად მარიანა ჩოლოიანის სურვილიდან გამომდინარე, მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვერ ისაუბრებს.

ჩოლოიანის ადვოკატი ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლოს დროს დამძიმებული იყო და აქედან გამომდინარე, აუცილებელი იყო სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.

რაც შეეხება კონკრეტულად მარიანა ჩოლოიანის საქმეს, საქალაქო სასამართლოში სხდომა 3 საათშია ჩანიშნული, მხარეები შესავალ სიტყვას იტყვიან. ჩოლოიანის დაცვის მხარე ამბობს, რომ აუცილებლად გამოიყენებენ ამას და იტყვიან, რომ ბრალდების მხარეს მარიანა ჩოლოიანის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნია.

"დღევანდელი სასამართლო პროცესი გაიმართება მარიანა ჩოლოიანის მიმართ შესავალი სიტყვების წარმოთქმით. პირველ ეტაპზე ბრალდების მხარე წარმოთქვამს შესავალ სიტყვას, რის შემდგომაც უკვე საშუალება მოგვეცემა დაცვის მხარეს წარმოვთქვათ დაცვის მხარის შესავალი სიტყვა. რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მოხდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა და აქედან გამომდინარე მეტს ვერაფერს მოგახსენებთ იმიტომ, რომ ჩემთვის ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია," - განაცხადა მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა დავით ბარბაქაძემ.

გამოძიებას ენდობა და მის შედეგებს ელოდება დაზარალებული ოჯახი. გარდაცვლილი ლუკა სირაძის ძმა ბექა სირაძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთება, აუცილებელია მათი პასუხისმგებლობაც დადგეს, თუმცა აღნიშნავს, რომ მანამდე აუცილებელია ჯერ გენერალურმა ინსპექციამ შეისწავლოს სამართალდამცველების მიერ რაიმე სახის გადაცდომას ადგილი აქვს თუ არა.

"უშუალოდ კონკრეტულ პირებზე ინფორმაცია არ მაქვს. როგორც ვიცი, გენერალურ ინსპექციას გადაეცა დანარჩენი რამდენიმე პირის საქმე იქიდან გამომდინარე, რომ მათ წინააღმდეგ უნდა დაიწყოს დისციპლინარული დევნა იმიტომ, რომ სისხლის სამართლის დანაშაულზე ბრალი ვერ წაუყენეს. ჩოლოიანის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ინსპექტორის სამსახურმა. ვფიქრობ, საკმაოდ კარგად ჩაატარეს ეს პროცესები და კმაყოფილი ვარ," - განაცხადა ლუკა სირაძის ძმამ, ბექა სირაძემ.

დღის ამბები