24 ნოემბერი 2020,   17:25
ვრცლად
კორონავირუსი და საქართველოს ეკონომიკა - ოპოზიცია ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს

ოპოზიციის შეფასებით, ის ეკონომიკური კრიზისი და პრობლემები, რაც კორონავირუსის გამო მსოფლიოს ემუქრება, საქართველოს ეკონომიკასაც მნიშვნელოვნად დააზარალებს. ხელისუფლების ოპონენტები მმართველ გუნდს მოუწოდებენ, რომ დროულად შემუშავდეს ანტიკრიზისული გეგმა და დროულად გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ თავისი წარუმატებლობა კორონავირუსით არ უნდა გაამართლოს:

"უკვე ნათელია, რომ კორონავირუსი გლობალურ ეკონომიკაზე მოახდენს სერიოზულ გავლენას და რა თქმა უნდა, ვერ აიცილებს უარყოფით გავლენას საქართველოს ეკონომიკაზეც. ამიტომ მთავრობა თავის წარუმატებლობას და შეცდომებს ვერ ჩამოწერს და ვერ გაამართლებს კორონავირუსით, იმიტომ, რომ უკვე იგრძნობა ტენდენცია, რომ მთავრობას უნდა ხელი დაიბანოს და "რა ჩვენი ბრალია კორონავირუსის გამო ცუდი რაღაც ხდება, ლარი  უფასურდება" და ა.შ. მთავრობა და ხელისუფლება იმიტომ არსებობს, რომ ჩაერიოს პროცესებში და ნებისმიერი ძალ-ღონე იხმაროს კრიზისიდან გამოსასვლელად,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე ხელისუფლებას მოუწოდებს შეამციროს გადასახადები, რათა შექმნილმა კრიზისმა ბიზნესი იძულებული არ გახადოს, რომ სამუშაო ადგილები შეამციროს:

"ჩვენი ხედვა,"ევროპული საქართველოსი", გახლავთ ის, რომ პირველ რიგში შემცირდეს გადასახადები და ამ გზით დავეხმაროთ ბიზნესს გადარჩეს და გადაარჩინოს სამუშაო ადგილები, იმიტომ რომ ბიზნესი ვეღარ მუშაობს და ეს ათასობით ადამიანს ემუქრება," - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

ერთმილიარდიანი სტაბილიზაციის ფონდის შექმნას ურჩევს ხელისუფლებას "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე. თიბისი ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, ასევე სპეციალური საბანკო პროდუქტების შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელიც ბიზნეს სექტორისთვის შეღავათიან სესხებს გულისხმობს.

"ჩვენ მოვუწოდეთ გუშინ მთავრობას, რომ შეიქმნას ერთ მილიარდიანი სტაბილიზაციის ფონდი, მოვუწოდეთ, რომ შეიქმნას სპეციალური საბანკო პროდუქტები, რომელიც შეღავათს მისცემს ყველა იმ მსესხებელს, რომ ამ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მაქსიმალურად რბილად გადავატანინოთ ყველა ბიზნეს სტრუქტურას," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

თანამშრომლობას და არსებული გამოცდილების გაზიარებას სთავაზობს ხელისუფლებას "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე:

"ჩვენ გვაქვს რთული ვითარება, როგორც ჯანმრთელობის კუთხით, ასევე ეკონომიკური მიმართულებით და სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ბევრი ქმედება ხელისუფლების მხრიდან დაგვიანებულია, ჯერ კონკრეტული გეგმა არ ვიცით. მაგრამ ახლა არ არის კრიტიკის დრო, ახლა არის ყველას გაერთიანების დრო. ჩემს გუნდს გვაქვს ძალიან დიდი გამოცდილება კრიზისული სიტუაციების მართვის კუთხით და მზად ვართ, იქ სადაც არის პრობლემა ჩავერთოთ ამ კრიზისული სიტუაციის განმუხტვაში," - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები