25 ნოემბერი 2020,   01:57
ვრცლად
რა სისტემით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები - რაზე ვერ თანხმდება ოპოზიცია "ოცნებასთან"

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებისა და ფურცელზე გადატანილი შეთანხმების შემდეგ, ოპოზიციის ნაწილისთვის პროექტის ზოგიერთი პუნქტი ისევ ბუნდოვანია. "ევროპული საქართველოსთვის" გაუგებარია, ვის ემატება ხმები, რომელიც მაღალი მხარდაჭერის პარტიას ე.წ. ჩამკეტი მექანიზმის ამოქმედების შემდეგ აკლდება.

კანონპროექტის ავტორი ოპონენტებს ურჩევს, პროექტი ყურადღებით წაიკითხოს.

პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატების პროცენტული წილი მანდატების საერთო რაოდენობაში არ უნდა აღემატებოდეს პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ნამდვილი ხმების საერთო რაოდენობაში ამავე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული წილისა და ამ წილის ერთი მეოთხედის ჯამს. გადაჭარბების შემთხვევაში, პოლიტიკურ პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება შესაბამისი მანდატები პროპორციულ არჩევნებში წარდგენილი საარჩევნო სიიდან და ისინი, კანონით დადგენილი წესით, პროპორციულად განაწილდება იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

ის, რაც დაზუსტებას არავისთვის საჭიროებს, მანდატების რაოდენობრივი გადანაწილებაა. მეათე მოწვევის პარლამენტში 1%-იანი ბარიერის გადალახვის შედეგად 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი შევა. პროექტის მიხედვით, განისაზღვრა ოლქების რაოდენობაც. შეიქმნება 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - მათ შორის, თბილისში იქნება 8. მთავრობას 40%-ზე მეტი მხარდაჭერის მქონე პარტია დააკომპლექტებს. დაშვებულია ბლოკების შექმნაც, თუმცა საარჩევნო ბარიერი, ამ შემთხვევაში, იმდენი პროცენტია, რამდენი პარტიაც შედის ბლოკში.
ამ შეთანხმებული ცვლილებების კანონად ქცევისთვის ოპონენტების ნაწილისთვის აუცილებელი პირობაა, იმ პატიმრების გათავისუფლების საკითხი, რომლებსაც ისინი პოლიტიკური ნიშნით დაკავებულებად თვლიან.
საპარლამენტო განხილვებში მონაწილეობას აპირებენ პატრიოტთა ალიანსის წევრები, რომლებმაც პროექტის ინიცირების შემდეგ ბოიკოტი შეწყვიტეს. საპარლამენტო მსჯელობაში ჩაერთვებიან ის დამოუკიდებელი დეპუტატებიც, რომლებმაც უმრავლესობა საარჩევნო ცვლილებების ჩაგდების მიზეზით დატოვეს.

მათ, ვისაც ბოიკოტი ჯერ კიდევ არ შეუწყვეტიათ, მმართველი გუნდი ცვლილებების განხილვებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ პოლიტპატიმრების საკითხი, როგორც ულტიმატუმი, საარჩევნო ცვლილებებთან კავშირში არ უნდა დადგეს.

პარლამენტში უახლოეს დღეებში საკონსტიტუციო ცვლილებების განმხილველი კომისია შეიქმნება და პროექტზე საჯარო მსჯელობები დაიწყება. სწორედ ამის შემდეგ დაბრუნდება ცვლილებების პროექტი პარლამენტში, სადაც მას 113 დეპუტატის, მათ შორის, ოპოზიციის მხარდაჭერა დასჭირდება.

დღის ამბები