25 ნოემბერი 2020,   01:53
ვრცლად
25 დაინფიცირებული - საქართველო COVID-19-ის პირველ ეტაპს ებრძვის

საქართველოში კორონავირუსი უკვე 25-ე ადამიანს დაუდასტურდა. დაინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევის დამატების მიუხედავად, საქართველო კორონავირუსის პირველ ეტაპს ებრძვის. ვირუსის მესამე პირზე გავრცელების ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქვეყანა სამივე ეტაპისთვის მზად არის.

იტალიაში მაცხოვრებელმა საქართველოს მოქალაქემ კორონავირუსი 8 დღეში დაამარცხა. ახალგაზრდა ქალი იტალიის ქალაქ ვიტერბოში ერთ-ერთ კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. მას ვირუსისთვის დამახასიათებელი ყველა სიმპტომი ჰქონდა. იმისთვის, რომ ახალგაზრდა ქალი ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს დაუბრუნდეს,  დამატებითი საკარანტინო პროცედურების გავლა მოუწევს.

თითქმის გამოჯანმრთელებულია საქართველოში კორონავირუსით დაავადებული პირველი პაციენტი, რომელსაც ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს. 55 წლის მამაკაცს ვირუსისთვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი აღარ აქვს. განმეორებითმა ლაბორატორიულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ვირუსის მაჩვენებლები შემცირებულია, თუმცა პაციენტს კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება სრული გამოჯანმრთელებისთვის. COVID-19 -ით დაავადებული სხვა პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა არც ერთ მათგანს არ აქვს. გაუმჯობესდა იმ 5 პაციენტის მდგომარეობაც, რომელთაც პნევმონია აღენიშნებათ. ისევ არ შეცვლილა 12 წლის ბავშვის სიმპტომები, მოზარდის მდგომარეობა მსუბუქია. სტაბილურია საჩხერეში მყოფი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, მისი შვილის და კიდევ ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამივე შემთხვევაში ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს.

ინფექციური საავადმყოფოდან ისევ უკან, საკარანტინო ზონაში დააბრუნეს ის 7 პირი, რომელიც იტალიიდან სპეცრეისით საქართვლოში ჩამოიყვანეს. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ სპეციალურ ზონაში განაგრძობენ მკურნალობას. ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აქვს ამ ეტაპზე ისანში, სასტუმროში მოთავსებულ, იტალიიდან ჩამოსული მოქალაქეების ნაწილს, ისინი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. რესპუბლიკურში, სადაც საკარანტინო სივრცეა მოწყობილი, 37 პირი რჩება, 6 მათგანი დღეს ბინაზე გაწერეს.

იტალიიდან სპეციალური რეისით ჩამოსული მოქალაქეების ნაწილი წყალტუბოში საკარანტინო ზონაში რჩება, 2 მათგანი, რომელთაც გრიპის სიმპტომები გამოუვლინდათ, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მონაცემები ლაბორატორიაში უკვე გაგზავნილია. ქუთაისის კლინიკაში 5 პაციენტზე კორონავირუსთან დაკავშირებით პასუხი უარყოფითი მოვიდა და ლუგარის ლაბორატორიიდან კიდევ 6 პირის მონაცემებს ელოდებიან.

2 პაციენტის მონაცემებია გადაგზავნილი ლუგარის ლაბორატორიაში გორის საკარანტინო სივრციდან. სპეციალურ ზონაში ამ ეტაპზე 43 პირი რჩება, მათგან 30 საქართველოს მოქალაქეა, ხოლო 7 სამხედრო პირი. 41 პირია მოთავსებული საჩხერის საკარანტინო ზონაში. ექიმების ინფორმაციით, ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს.

თვითიზოლაციაში ათასამდე პირია - მათ შორის ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწე, რომლის მეუღლესაც კორონავირუსი დაუდასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მის თანაშემწეს პრევენციის მიზნით კვლევა ჩაუტარდა, თუმცა კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

კორონავირუსს სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომების აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ პროფილური მედიკამენტი ჯერ არ არსებობს, პაციენტს სიმპტომების მიხედვით მკურნალობენ, სიცხის შემთხვევაში ტემპერატურის დამწევი პრეპარატები გამოიყენება, პნევმონიის დადასტურების შემთხვევაში ანტიბიოტიკებით მკურნალობა გრძელდება, ხოლო სუნთქვის უკმარისობის შემთხვევაში პაციენტისთვის ინტენსიური ჟანგბადის მიწოდება ხდება.

დღის ამბები