25 ნოემბერი 2020,   00:53
ვრცლად
კორონავირუსი მსოფლიო სპორტში სერიოზული ცვლილებების მიზეზი გახდა

2020 წელს დედამიწა ახალი გამოწვევის წინაშე დადგა. ვირუსი, რომელიც ჩინეთიდან გავრცელდა, ფაქტობრივად, მთელ მსოფლიოს მოედო. კორონავირუსმა სერიოზული დარტყმა მიაყენა როგორც მოსახლეობას, ასევე სხვადასხვა სფეროებს, მათ შორის, სპორტსაც.

შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სპორტული თუ სხვა სახის ღონისძიებების ჩატარება დროებით შეჩერდა. საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი, ასევე ასაკობრივი პირველობები, საქართველოს რაგბის ეროვნული და ასაკობრივი ჩემპიონატი, ხელბურთელთა ჩემპიონატი, ასაკობრივი საკალათბურთო პირველობების გათამაშება.

14 მარტს საქართველოსა და რუსეთის სარაგბო დაპირისპირება გულშემატკივრების გარეშე ჩაივლის. გადაწყვეტილება რაგბის კავშირმა შესაბამის უწყებებთან კონსულტაციების შედეგად მიიღო. ვინც უკვე შეიძინა მატჩზე დასასწრები ბილეთები, თანხა უკან დაუბრუნდებათ. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მედიასაშუალებები საქართველოსა და რუსეთის მატჩზე არ დაიშვებიან.

გერმანიიდან დაბრუნებული საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები მომდევნო 2 კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში მოექცევიან. ქართველი წყალბურთელები 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირისთვის ერთ-ერთ მოსამზადებელ ეტაპს ჰამბურგში გადიოდნენ, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი, კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკიდან გამომდინარე, საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციამ გუნდის იზოლირების გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ყველა ჩემპიონატი, მათ შორის, "კრისტალბეთ ეროვნული ლიგა", "კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2, ლიგა 3, ასევე ასაკობრივი ჩემპიონატები 1 აპრილამდე შეჩერდა.

ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი კი უეფას გადაწყვეტილების მოლოდინშია, 26 მარტს ერთა ლიგის ნახევარფინალია ჩანიშნული. რამდენიმე წუთის წინ "უეფას" განცხადება გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ 17 მარტს ვიდეოკონფერენცია გაიმართება და მონაწილეობას 55 წევრი ქვეყანა მიიღებს.

კონფერენციაზე კი საფეხბურთო ტურნირების მატჩების ჩატარების საკითხს, მათ შორის, საქართველო-ბელარუსის დაპირისპირების თემასაც განიხილავენ და გადაწყვეტილებაც ამის შემდეგ იქნება მიღებული.

ვირუსი აღმოაჩნდა ტურინის "იუვენტუსის" მცველს, დანიელე რუგანის. ინფორმაცია ტურინულმა კლუბმა თავად გაავრცელა. "იუვენტუსი" რუგანის საზოგადოებისგან იზოლაციის ყველა ზომას მიიღებს, რათა დაავადების შემდგომი გავრცელება არ მოხდეს. კერძოდ, კლუბი ადგენს იმ პირთა სიას, რომლებსაც მასთან უშუალო კონტაქტი ჰქონდათ.

რუგანის თანაგუნდელი პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდო კუნძულ მადეირაზე იმყოფება და კლუბში არსებული არასტანდარტული სიტუაციის გამო ჯერჯერობით უკან დაბრუნებას არ აპირებს. მას შემდეგ, რაც რუგანის კორონავირუსი აღმოაჩნდა, რონალდო კარანტინში გადავიდა.

8 მარტს მატჩის წინ რონალდო და რუგანი ერთად იმყოფებოდნენ და თამაშის შემდეგ საერთო ფოტოც გადაიღეს. რონალდო მადეირაში დედის მოსანახულებლად ჩავიდა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ინსულტი გადაიტანა.

პირველი ფეხბურთელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინეს, ჰანოვერის მოთამაშე ტიმო ჰიუბერი იყო. 23 წლის ცენტრალური მცველი ვირუსით 7 მარტს დაინფიცირდა. ფეხბურთელი იზოლირებულია და მას მკურნალობენ.

უმაყურებლოდ გაიმართება ინგლისში ყველა საფეხბურთო მატჩი. გადაწყვეტილება ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტმა დღეს დილის თათბირზე მიიღო. დახურულ კარს მიღმა როგორც ინგლისის პრემიერლიგის, ასევე ქვედა დივიზიონების შეხვედრები გაიმართება. ის გულშემატკივრები, რომლებსაც სეზონური აბონემენტები და კონკრეტულ მატჩებზე შეძენილი ბილეთები აქვთ, თამაშების ინტერნეტტრანსლაციით ხილვის საშუალება ექნებათ. ამავდროულად, უსაფრთხოების მიზნით, პაბებში მატჩების ტრანსლაციები არ გაიმართება.

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ "იუტა ჯაზის" ფრანგ ლეგიონერს, რუდი გობერს, კორონავირუსი დაუდგინდა. "ოკლაჰომასთან" გასამართი მატჩის წინ კალათბურთელები შეამოწმეს და ფრანგის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.

რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსი დონოვან მიტჩელსაც აღმოაჩნდა. მომხდარის შედეგად NBA-ში 12 მარტიდან დაგეგმილი ყველა თამაში გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ტურნირის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო ევროლიგამაც. 29-ე ტურის მატჩები სწორედ დღეს უნდა დაწყებულიყო, თუმცა გუნდებმა უკვე მიიღეს ოფიციალური შეტყობინება, რომ თამაშები აღარ ჩატარდება.

"მაკლარენმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუნდის ერთ-ერთ წევრს Covid-19-ის ტესტზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა. გუნდი ავსტრალიის გრან-პრიდან მოიხსნა. "მაკლარენის" აღმასრულებელმა დირექტორმა ზაკ ბრაუნმა და F-1-ის გუნდის ხელმძღვანელმა ანდრეას ზაიდლმა ფორმულა 1-ისა და ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციას ამის შესახებ უკვე აცნობეს.  

პანდემიის გამო მაიამის მასტერსი აღარ ჩატარდება. შეზღუდვა ეხება როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა ტურნირებს, რომლებიც საჩოგბურთო სამყაროში ძალიან პრესტიჟულად მიიჩნევა.

ცნობილი გახდა ისიც, რომ აღარ ჩატარდება ფედერაციის თასის ფინალური შეხვედრა, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 14-19 აპრილს იყო დაგეგმილი.

კორონავირუსის გამო კანადის ქალაქ მონრეალში 18-22 მარტს დაგეგმილი მსოფლიოს ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში არ გაიმართება. ტურნირის ჩაშლის შესახებ კვებეკის პროვინციის პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ლეგომ ჯანმრთელობის მინისტრის დანიელ მაკკეინის რეკომენდაციის საფუძველზე განაცხადა. კვებეკში კორონავირუსით დაავადების მხოლოდ 7 შემთხვევაა დაფიქსირებული, უშუალოდ მონრეალში კი ერთი.

მსოფლიოს პირველობაზე მონაწილეობა 30 ქვეყნის 183 სპორტსმენს უნდა მიეღო, მათ შორის ოთხ ქართველ მოციგურავეს.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები