28 ნოემბერი 2020,   03:17
ვრცლად
ასრულებს თუ არა ბიზნესი საგანგებო მდგომარეობის წესებს - რა ვითარებაა მსხვილ სავაჭრო ობიექტებში

"კურიერი" დაინტერესდა, რამდენად სრულდებოდა საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნები და ლილო, ელიავას ბაზრობა, "სითი მოლი," "ისთ-ფოინთი" და სხვა ხალხმრავალი სავაჭრო ობიექტები მოინახულა. დღეს ყველა მათგანი ცარიელია. მათმა ნაწილმა მუშაობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე შეაჩერა.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე ჭავჭავაძის ქუჩაზე სასურსათო მაღაზიების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.COVID 19-ის გავრცელების რისკების გამორიცხვის გამო, უკვე ორი კვირაა, არ ფუნქციონირებს "პიქსელის" სავაჭრო ცენტრიც.

"თბილისი მოლი," საქართველოში ერთ-ერთი  დიდი სავაჭრო ცენტრია, რომელიც უკვე ორი კვირაა, ადამიანების გარეშე განაგრძობს არსებობას.

"თბილისი მოლის" მსგავსად, მომხმარებელს აღარ ემსახურება "სითი მოლი," "ისთ-ფოინთი"  და "ლილო მოლი." მსხვილ სავაჭრო ცენტრებში უკვე ორი კვირაა, არც ერთი ბრენდული მაღაზია არ ფუნქციონირებს. დისტანციურად მუშაობენ ცენტრების ადმინისტრაციის თანამშრომლებიც. "ისთ-ფოინთის" მარკეტინგის მენეჯერის თქმით, ბრენდული მაღაზიების ნაწილმა მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ბევრად ადრე მიიღო. ამ დროისთვის, მსხვილი სავაჭრო ცენტრების ნაწილი მაღაზიებთან მძიმე ფინანსური დარტყმისგან თავის ასარიდებლად იჯარის გადასახადის გადავადებაზე აქტიურად მუშაობს.

ყოველდღიური დიდი ფინანსური ზარალის მიუხედავად, შექმნილ მდგომარეობას გაგებით ეკიდებიან ელიავაზე მცირე მეწარმეებიც. ამბობენ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ კუთვნილ ობიექტებზე მხოლოდ პროდუქციის კონტროლის მიზნით გამოდიან. 

საბურავების და საავტომობილო ნაწილების გარდა ელიავაზე მესამე დღეა არ მუშაობს სავაჭრო ცენტრი "მეგალაინი" და ავტომომსახურების სერვისები. დროებით უმუშევრად დარჩენილები "კურიერთან" ყვებიან, რომ საგანგებო სიტუაციის გამოცხადების შემდეგ მომსახურების მიწოდება შეწყდა. მიუხედავად ამისა, განყოფილების დეზინფექცირება ყოველდღიურად ხდება.

დახურული ობიექტების შესახებ დღეს ეკონომიკის მინისტრმაც ისაუბრა. ნათია თურნავას თქმით, ბიზნესცენტრების მონიტორინგს სახელმწიფო აქტიურად ახორციელებს. განსაკუთრებული ყურადღება კი საკარანტინო ზონებში მოქცეულ სუბიექტებს ექცევათ. მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ბიზნესს, რომელიც საგანგებო მდგომარეობით დადგენილ წესებს დაარღვევს, სერიოზული სანქციები ემუქრება.

COVID 19-ის გავრცელების საფრთხის პრევენციისთვის საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 მარტს გამოცხადდა. ერთი თვის განმავლობაში საქმიანობის უფლება სასურსათო, სააფთიაქო, სამშენებლო და ინფრასტრუქტურული ქსელების გარდა ყველა სხვა ტიპის ბიზნესს ერთი თვით ეკრძალება.

დღის ამბები