24 ნოემბერი 2020,   15:52
ვრცლად
მესამე დღე იზოლაციაში - რა ვითარებაა ბოლნისსა და მარნეულში

COVID 19-ის გავრცელების პრევენციის გამო მკაცრი კარანტინის რეჟიმში მოქცეული მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები საკუთარ სახლებში მაინც ბრუნდებიან, თუმცა იციან, რომ აკრძალვის გაუქმებამდე გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ.

მკაცრად კონტროლდება ყველა პირი, ვინც მარნეულის და ბოლნისის ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზით შესვლის მსურველია, ტერიტორიაზე მოხვედრამდე კი სპეციალურ შემოწმებას გადიან.

შემოწმების შედეგად, მარნეულის გამშვები პუნქტიდან დღეს ერთ-ერთი მოქალაქე კორონავირუსის სიმპტომებით საველე ჰოსპიტალში გადაიყვანეს. გამშვები პუნქტების პარალელურად, გრძელდება მოსახლეობის შემოწმებაც.

კარანტინის ზონაში შეუფერხებლად, თუმცა, ამ შემთხვევაშიც, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით შედიან ექიმები. მარნეულში არსებულ კლინიკებში ვითარება სტაბილურია, ყველა საეჭვო პაციენტი კლინიკიდან საველე ჰოსპიტალში გადაჰყავთ.

ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად წესების დაცვა მოუწევთ სურსათით მომარაგების დროსაც. მთავრობა მსჯელობს კონკრეტულ გეგმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ტვირთების გაცვლა ისე, რომ ვირუსის გავრცელების საფრთხე მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი  დღეს ადგილზე პრემიერის მრჩეველთან სოზარ სუბართან ერთად იმყოფებოდა.

კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მარნეულის მუნიციპალიტეტში დღეს სადეზინფექციო სამუშაოებიც ჩატარდა. პირველ ეტაპზე 8 ერთეული ტექნიკა ყველა იმ ტერიტორიას შეწამლავს, სადაც ინფიცირებული 62 წლის ქალი იმყოფებოდა.

მარნეულისა და ბოლნისის მკაცრი კარანტინის ზონად გამოცხადებიდან მესამე დღეს თავდაცვის ძალებმა გამშვებ პუნქტებზე კონტროლი კიდევ უფრო გაამკაცრეს. დამონტაჟდა დამატებითი სათვალთვალო კამერები, საკონტროლო პუნქტების მიმდებარე ტერიტორიაზე კი მავთულხლართები გააბეს. საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. ძირითად გზებზე განთავსებულია საკონტროლო გამშვები საგუშაგოები, მეორეხარისხოვან გზებზე კი მობილური ჯგუფები პატრულირებენ. პერიმეტრი მუდმივი მონიტორინგის პროცესშია.

2 მუნიციპალიტეტის 150 ათასზე მეტი მცხოვრები მესამე დღეა იზოლაციაშია. მარნეულსა და ბოლნისში მხოლოდ აუცილებელი საჭიროების ობიექტები - სასურსათო მაღაზიები, საავადმყოფოები, აფთიაქები და ბანკები მუშაობენ. მოსახლოებას აუცილებელი შემთხვევის გარდა, გადაადგილება შეზღუდული აქვს.

დღის ამბები