27 ნოემბერი 2021,   10:00
ვრცლად
მედპერსონალი კარანტინში - 5 პირის დაავადების სავარაუდო წყარო ის ექთანია, რომლის ძმაც ინფიცირებული სასულიერო პირია

უკვე მეორე დღეა, "თბილისის მედიცინის ინსტიტუტში" კარანტინია გამოცხადებული. კორონავირუსი სამედიცინო დაწესებულების 5 თანამშრომელს დაუდასტურდა. დაავადების სავარაუდო წყარო ის ექთანია, რომლის ძმაც ინფიცირებული სასულიერო პირია. კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, მას კოვიდ-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდა და სამსახურშიც დადიოდა. ვირუსი ექთანთან უშუალო კონტაქტში მყოფ კიდევ 4 თანამშრომელს დაუდგინდა. მათ ცხელება ჰქონდათ. ტესტი კლინიკის 5 პაციენტსა და 30-მდე თანამშრომელს ჩაუტარდა, თუმცა ლუგარის ლაბორატორიიდან უარყოფითი პასუხი მოვიდა.

მედპერსონალი პაციენტის სტატუსით მკურნალობას რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ბოჭორიშვილის კლინიკაში გადის. კლინიკა კი ამ დროისთვის მუშაობის 24-საათიან რეჟიმზეა გადასული. მედპერსონალი სამედიცინო ცენტრ ”თიმის’’ შენობას საკარანტინო რეჟიმის გამო ვეღარ ტოვებს. კარანტინში იმყოფება სამედიცინო ცენტრის დირექტორიც.

ექიმები, რომლებიც რისკჯგუფში არ მოხვდნენ, საავადმყოფოში დარჩენილ 10 პაციენტის მკურნალობას აგრძელებენ. ოჯახის წევრები კარანტინში მოხვედრილ პაციენტებს პირველად ნივთებსა და საკვებს შესასვლელ კართან უტოვებენ.

"თბილისის მედიცინის ინსტიტუტის" მსგავსად, პაციენტების მიღება უკვე მეორე დღეა შეწყვიტა "ქართულ -ჰოლანდიურმა კლინიკამ". მუხიანში მდებარე ამ სამედიცინო დაწესებულებაში კოვიდ-19 პაციენტს დაუდგინდა, რომელმაც კლინიკაში 6 დღე გაატარა და ექიმების გარდა, სარეგისტრაციო და ტექნიკურ დეპარტამენტებთანაც ჰქონდა კონტაქტი.

დილიდან ამ კლინიკაშიც პაციენტების ოჯახის წევრები შენობაში ვერ შედიან და ნივთებს დაცვის თანამშრომლების დახმარებით აგზავნიან.

"ქართულ ჰოლანდიურ კლინიკასა" და "თიმში" პაციენტები მკურნალობას ამ დრომდე განაგრძობენ, დაავადებათა კონტროლის რეკომენდაციითა და გადაწყვეტილებით, დაწესებულებიდან მათი გაყვანის აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას.

დღის ამბები