27 ნოემბერი 2021,   09:43
ვრცლად
როგორ დაეხმარება სახელმწიფო შემოსავლების გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს - რა მინიშნება გააკეთა პრემიერმა

რა თანხით დაეხმარება სახელმწიფო შემოსავლების გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს, ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი ჯერ უცნობია, თუმცა პრემიერმა მკაფიო მინიშნება გააკეთა, რომ სოციალური სახელფასო სუბსიდირება საარსებო მინიმუმზე მეტი იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ უსამსახუროდ დარჩენილი ადამიანები სახელმწიფოსგან დახმარების სახით ყოველთვიურად 199 ლარზე ნაკლებს არ უნდა ელოდნენ. მანამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემოსავლების გარეშე დარჩენილი მოქალაქეები 6 თვის განმავლობაში 150 ლარიან დახმარებას მიიღებდნენ. მოგვიანებით ორგანიზაციამ დოკუმენტიდან კონკრეტული რიცხვები ამოიღო. სავალუტო ორგანიზაციის ანგარიშში დახმარების ოდენობას დაკონკრეტებას პრემიერმა ტექნიკური შეცდომა უწოდა.

"ევროპული საქართველო" მთავრობას ეკონომიკურ და სოციალურ სტრატეგიას უწუნებს. პოლიტიკური ოპონენტები ხელისუფლებას იმის გამოც აკრიტიკებენ, რომ საგანგებო მდგომარეობის მეორედ გამოცხადების ფონზე, მმართველი გუნდი, ოპოზიციის განმარტებით, შემოსავლების გარეშე დარჩენილ მოსახლეობას კონკრეტულ ეკონომიკურ გეგმას არ სთავაზობს.

ის რომ სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანები სახელმწიფოსგან 150 ლარზე მეტ დახმარებას მიიღებენ, ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლებაზე ზეწოლის დამსახურებად მიაჩნიათ "ნაციონალურ მოძრაობაში".

ხელისუფლებას აკრიტიკებს არასაპარლამენტო ოპოზიციაც. "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე მმართველ გუნდს კონრეტულ რიცხვებს და დეტალურ გეგმას სთხოვს.

კონრეტულ შეთანხმებებში პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან 3 კვირიანი მოლაპარაკებების შედეგებს გულისხმობს. გიორგი გახარიას თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია და ქვეყანა წლის ბოლომდე სსფ-გან 447 მილიონი დოლარის ბენეფიციარი გახდება. ასევე დონორ ორგანიზაციებთან პირველადი შეთანხმებით, როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, ქვეყანა საბიუჯეტო საჭიროებებისა და კონკრეტული პროექტებისთვის წლის ბოლომდე მილიარდ 500 მილიონსაც მიიღებს. გახარიამ ისიც თქვა, რომ იმავე საერთაშორისო ორგანიზაციებს მობილიზებული აქვთ ასევე მილიარდ 500 მილიონი დოლარი კერძო სექტორისთვისაც, თუ ამის საჭიროება დადგება.

ვინ იქნება ადრესატი და რამდენი იქნება სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარება? კითხვები ჯერ ღიაა. მთავრობაში ამბობენ, რომ პასუხების გასაცემად დონორებთან ფინანსურ რესურსებზე შეთანხმების გარდა, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაცაა საჭიროა. ვინ დარჩა შემოსავლის გარეშე მარტში - მონაცემები ცნობილი ხვალ 15 რიცხვში გაირკვევა. ეს რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადების გადამხდელებს. მიიღებენ თუ არა სოციალურ დახმარებას თვითდასაქმებულებიც - ამაზე ხელისუფლებას დღეს არ უსაუბრია.

დღის ამბები