27 ნოემბერი 2021,   09:48
ვრცლად
სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფს სხვადასხვა საკომპენსაციო პაკეტი ექნება - ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში  განაცხადა, რომ კორონავირუსის კრიზისის დროს დაზარალებული ხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის დახმარება განსხვავებული იქნება. თუმცა, მინისტრმა  კონკრეტული თანხის დასახელებისგან თავი შეიკავა. 

"მოვლენებს არ მინდა წინ გავუსწრო. აქ არის რამდენიმე მოწყვლად ჯგუფზე საუბარი, რომელსაც სხვადასხვა სახის კომპენსაციები ექნება. ამაზე ვმუშაობთ, პრაქტიკულად ყველაფერი დამუშავებულია, ასე ვთქვათ, ბოლო შეთანხმებებია დარჩენილი და ამასაც რამდენიმე დღეში გაიგებთ. კონკრეტულად, 150 ლარი იქნება თუ 200 - ეს არ არის გადამწყვეტი. სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს ექნებათ სხვადასხვა საკომპენსაციო პაკეტი, იქიდან გამომდინარე, თუ ერთის მხრივ, რამდენად არის ეს ჯგუფი დაზარალებული და, მეორეს მხრივ, რამდენად არის ჩვენი რესურსები ამისთვის სამყოფი. შესაბამისად, მოვლენებს ნუ გავასწრებთ, არაფერს დავმალავთ, ყველაფერს ღიად გამოვიტანთ და გექნებათ შესაძლებლობა სრულად გაეცნოთ კრიზისულ ბიუჯეტს, ამ ცვლილებებით პარლამენტშიც შევალთ, მეტი მოთმინება გვმართებს ყველას. 

მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან კონკრეტული ციფრები ჯერ ზუსტდება და დაუზუსტებელი ინფორმაცია არ მინდა, რომ მოგაწოდოთ,"- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ პირდაპირი დახმარება გაიცემა იმ ინდივიდებზე, რომელთაც სამსახური დაკარგეს და ეს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზის ანალიზის საფუძველზე მოხდება. 

"ეს მოხდება იმ ადამიანების მიხედვით, რომლებმაც დაკარგეს სამსახური. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია შემოსავლების სამსახურში, არის შესაბამისი მონაცემთა ბაზა, სადაც გვაქვს სია და დასაქმებულების რეესტრი და ამის ანალიზის საფუძველზე მოხდება პირდაპირი დახმარების გაცემა ამ ადამიანებზე. 
ანალიზი გაკეთდება და გამოცხადდება ის პერიოდი, ის თანხა და ის ჯგუფი, ვისზეც ეს კომპენსაცია მოხდება,"-განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. 

დღის ამბები