30 ნოემბერი 2021,   10:48
ვრცლად
ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ანტიკრიზისული გეგმა წინასაარჩევნო მიზნებზეა დაქვემდებარებული

ხელისუფლების ოპონენტები შიშობენ, რომ არასწორად შესრულებული გეგმა, ვერ უზრუნველყოფს იმ საჭიროებებს, რომელიც დღეს მოსახლეობას და ბიზნესს აქვს - ადამიანებს, რომლებიც პანდემიის გამო მნიშვნელოვნად დაზარალდნენ.

"დღეს ჩვენ ნათლად დავინახეთ თუ რატომ წელავს ხელისუფლება შეზღუდვებს. მათი ერთადერთი ამოცანაა არჩევნები და ხელისუფლების შენარჩუნება. რატომ 6 თვით გაწელილი 200 ლარიანი დახმარება? იმიტომ, რომ 6 თვეშია არჩევნები,"- განაცხადა "ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ.

პარტია "გირჩის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ხელისუფლების სხვა ოპონენტების მსგავსად, წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას, ხალხის გულის მოსაგებად შექმნილ გეგმას უწოდებს და მისი თქმით, ამ დოკუმენტს არჩევნებისთვის მხარდასაჭერად იყენებენ. 

"ეს არის გეგმა, როგორ მოვიგოთ იმ ხალხის გული, რომლებიც ბიუჯეტზე არიან დამოკიდებულები, რომ მათ არჩევნებზე მხარი დაუჭირონ "ქართულ ოცნებას". ერთი მხრივ პენსიონერებს ეუბნებიან ყოველ წელს გაგეზრდებათ პენსიაო და მეორე მხრივ, საჯარო მოხელეებს ეუბნებიან, რომ ნუ გეშინიათო,"- აცხადებს "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. 

განსხვავებული მოსაზრება ანტიკრიზისულ გეგმაზე არც ბადრი ჯაფარიძე აქვს. ის აცხადებს, რომ გეგმა დაქვემდებარებულია საარჩევნო მიზნებზე.

"სამწუხაროა, რომ ეს გეგმა არ შეესაბამება იმ კრიზისის მასშტაბებსა, რომელშიც ქვეყანა აღმოჩნდა. ამავდროულად, ჩანს, რომ გეგმა დაქვემდებარებულია საარჩევნო მიზნებზე. ამიტომ, ის მიზერული თანხა, რომელიც ოჯახების დასახმარებლად არის გათვალისწინებული გაწელეს ისე, რომ ოქტომბერს, ანუ არჩევნებს დაემთხვეს,"- განაცხადა პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ. 

დღის ამბები