27 ნოემბერი 2021,   09:46
ვრცლად
მულახში მკვლელობაში ბრალდებულ ბესიკ ნავერიანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

მულახში მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო სხდომა დისტანციურად გაიმართა. პროცესზე პროკურორმა დავით ხვიტიამ ბრალდებულისთვის აღკვეთის უმაღლესი ზომა მოითხოვა, რასაც ბრალდებული ბესიკ ნავერიანიც დაეთანხმა.

პროკურორის განმარტებით, არსებობს მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, რადგან, როგორც ხვიტიამ აღნიშნა, მიმალვაში მყოფი ნავერიანი პოლიციაში მხოლოდ იმიტომ გამოცხადდა, რომ გარდაცვლილის ახლობლების მხრიდან მისი ლიკვიდაციის საფრთხეს გრძნობდა.

თავად ნავერიანმა, რომელსაც ადვოკატი არ ჰყავს, პროცესზე თქვა, რომ ის პატიმრობის შეფარდებას ეთანხმება, რისი საფუძველიც მომხდარი მკვლელობაა, თუმცა მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებს გამორიცხავს.

ბესიკ ნავერიანი პოლიციას მულახის სასაზღვრო პუნქტზე ჩადენილი მკვლელობიდან მესამე დღეს ჩაბარდა. მას ბრალად თანამშრომლის ბესიკ იოსელიანის მკვლელობა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ედება. 

დღის ამბები