27 ნოემბერი 2021,   10:01
ვრცლად
"გულების მოგების გეგმა" - ოპოზიცია ანტიკრიზისულ გეგმას კრიტიკულად შეხვდა

მას შემდეგ, რაც საპარლამენტო ოპოზიციამ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა მოისმინა, თქვა, რომ კითხვები ბევრი დარჩა და მათ დასასმელად გეგმა პარლამენტში უნდა განეხილათ. 

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ დოკუმენტი ვერ პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც ბიზნესი და მოქალაქეები აღმოჩდნენ. პოლიტიკოსთა ნაწილმა დღეს მმართველ გუნდს არითმეტიკაც დაუწუნა.

იყო უფრო კონკრეტული შეფასებებიც, უფრო კონკრეტულ საკითხებზე. მაგალითად იმაზე, რომ სოციალური დახმარება მოქალაქეებისთვის მიზერულია, ხელისუფლება ეკონომიკური პროგნოზების კეთებისას ოპტიმისტური ციფრებით ხელმძღვანელობს, რეალობა კი უფრო მკაცრი იქნება. დოკუმენტში ოპოზიციას სოფლის მეურნეობის კომპონენტი და სისტემური მიდგომები დააკლდა. ისიც თქვეს, რომ ხელისუფლებას მეტი თანხის მობილიზება შეეძლო.

"გულების მოგების გეგმა" უწოდა არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებას, რომ დახმარებას მოქალაქეების მომდევნო 6 თვის განმავლობაში მიიღებენ. მათ ეჭვი აქვთ, რომ მიზეზი არჩევნების თარიღია.

სამთავრობო გუნდში ოპოზიციის ლოგიკა გაუგებარი დარჩა, რადგან თვლიან, რომ ოპონენტების არგუმენტით შესაძლებელია, ხელისუფლების ნებისმიერი გადაწყვეტილება საარჩევნო კონტექსტს მოერგოს, რაც არასწორია და უხერხულია მთავრობის იმაში დადანაშაულება, რომ კოვიდინფექციას წინასწარ გახდიდა საარჩევნო გეგმის ნაწილად. პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ გადაწყვეტილებები მოქალაქეების დახმარების საჭიროებამ განსაზღვრა. უმრავლესობიდან დღეს საგანგებო ბიუჯეტის თემასაც გამოეხმაურნენ.

ვიდრე პოლიტიკოსები ერთმანეთის ინიციატივებსა და შეფასებებს იწუნებენ, კორონავირუსის გამო, რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილი მოქალაქეები და ბიზნესსექტორი სახელმწიფოსგან ქმედით ნაბიჯებს ელიან, რათა პანდემია ნაკლები დანაკარგით გადაილახოს და არც მისი გადალახვის შემდეგ დადგეს ახალი კრიზისი.

დღის ამბები