30 ნოემბერი 2021,   11:05
ვრცლად
კორონავირუსი და მისგან გამოწვეული პრობლემები - რას ფიქრობენ მოქალაქეები მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე 

მოქალაქეების ნაწილი მთავრობის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას დადებითად აფასებს, ნაწილი კი ფიქრობს რომ დახმარება მწირი და არასაკმარისია. კომპანიების უმრავლესობამ შეცვალა სტრატეგია. თუ აქამდე ყველა ცდილობდა მაქსიმალურად დიდ მოგებაზე გასულიყო - ახლა მიმდინარეობს ბრძოლა გადარჩენისთვის. ამ ბრძოლაში კი ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან ის ადამიანები, ვისაც მცირე ბიზნესი ყოველგვარი ხელშეკრულების გარეშე ასაქმებდა. ახლა ისინი ვალდებულები არიან, დაადასტურონ, რომ კორონავირუსის საფრთხემდე, საარსებო მინიმუმს ყოველთვიურად საკუთარი შრომით იღებდნენ.

რთულდება ბიუროკრატია ადამიანებისთვის, რომლებიც თვითდასაქმებულის სტატუსს ატარებენ. გიდები, თარჯიმნები, ძიძები და სხვა უამრავი სამუშაოს შემსრულებლები იძულებული იყვნენ, გაეკეთებინათ არჩევანი - საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა თუ შემოსავალი.

მთავრობის მიერ დღეს შეთავაზებული გეგმა კომპანიების ნაწილისთვის არის კიდევ ერთი შანსი, რომ როცა მსოფლიო დიდ გამოწვევას დაამარცხებს - ბიზნესმა ახალი ცხოვრება დაიწყოს.

ადამიანები, რომლებმაც სიცოცხლისთვის საშიში ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მაღალშემოსავლიანი სამსახურები დათმეს, ყოველთვიური 200 ლარიანი დახმარება საკმარისად არ მიიჩნევენ. თუმცა უმრავლესობა პასუხისმგებლობით ეკიდება იმ გამოწვევებს, რომლის პირისპირაც მსოფლიოსთან ერთად საქართველოც აღმოჩნდა.

დღის ამბები