17 ოქტომბერი 2021,   19:56
ვრცლად
თეთრიწყაროს საავადმყოფოში, სადაც 41 წლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, კარანტინი გამოცხადდა

თეთრიწყაროს საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა - საუბარია იმ სამედიცინო დაწესებულებაზე, რომლის 41 წლის თანამშრომელსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდა.

ექთნის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით ბუნდოვანი და გაურკვეველია.

ამ დროისთვის თეთრიწყაროში სრულად დადასტურებულია კორონავირუსის 19 ფაქტი. ამის გამო რამდენიმე საათია, რაც მუნიციპალური ცენტრი ჩაიკეტა. ქვემო ქართლში ეს უკვე მესამე ადმინისტრაციული ერთეულია. შეზღუდვა არ ვრცელდება სოფლებზე, სადაც ჯერჯერობით ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

"გუშინ ყველა ადამიანი, სანამ ჩაუტარდებოდათ ტესტირება თვითიზოლაციაში იყო გადაყვანილი. დაახლოებითი კავშირები, რაც პირველ ეტაპზე გამოაშკარავდა, 50 ადამიანი მოვათავსეთ სახლში, თვითიზოლაციაში, სანამ ტესტებამდე მივიდოდა საქმე," - განაცხადა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ.

"პირველწყარო გავრცელების ჯერ ბუნდოვანია, არ არის ცალსახად დადასტურებული. შესაბამისად რისკიც უფრო მეტია და მოთხოვნა და ადეკვატურობა უფრო მეტია საზოგადოებასთან, რომ მიიღონ ეს გამოწვევა და შეზღუდვები, დარჩნენ სახლში.

გუშინწინდელი დღიდან ეპიდემიოლოგების გაძლიერებული ჯგუფებია შემოსული, მაქსიმალურად იკვლევენ წრეს. ვეხმარებით ამ კონტაქტების დადგენაში. მანამდე პირველივე წუთებიდან მიღებული იყო მკაცრი იზოლაციისა და კარანტინის ზომები," - აღნიშნა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.

თეთრიწყაროს რაიონული საავადმყოფოს დირექტორის პაატა მეხრაძის განმარტებით კი, კლინიკის მედპერსონალის 31 წარმომადგენლის ანალიზის პასუხები ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა.

მისივე თქმით, კლინიკა მუშაობას 24 საათის შემდეგ აღადგენს.

"პაციენტების მიღება შეწყვეტილია, 24 საათში აღდგება ჩვეულებრივად სამედიცინო მომსახურება ჩვენ დაწესებულებაში.

31 პირს აქ ადგილზე აუღეს ტესტები. ჯერ არ მაქვს ინფორმაცია მათ შესახებ. ეს ვისგან მოდის ჯერ არ დადგენილა," - აღნიშნა პაატა მეხრაძემ.

არსებული ინფორმაციით, პაციენტთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები უკვე მოძიებულია, თუმცა ადგილზე მუშაობენ ეპიდემიოლოგები, რომლებიც უკვე41 წლის ქალის ირიბ კონტაქტს არკვევენ, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

პაციენტი გადმოყვანილია ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დღის ამბები