17 ოქტომბერი 2021,   20:12
ვრცლად
ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვების შემსუბუქების ეტაპი 27 აპრილიდან იწყება

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი ოფიციალურად ხვალიდან ამოქმედდება. მოქალაქეებს მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება თავისუფლად შეეძლებათ. თუმცა ავტოტრანსპორტის დაშვების პარალელურად ძალაში რჩება კომენდანტის საათიც.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ავტომობილში კვლავ არ შეიძლება სამ ადამიანზე მეტი და მძღოლის გვერდით ჯდომა. 21 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩაში გადაადგილება ისევ სრულად იკრძალება.

ხვალიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპერირებას შეძლებენ, ყველა ტიპის ონლაინ და საკურიერო მომსახურების სერვისებიც. შესაბამისად, მოქალაქეებს საკვები პროდუქტის დისტანციურად გამოწერასთან ერთად, 27 აპრილიდან, საოჯახო ტექნიკის, ტანსაცმლისა და სხვა ნებისმიერი პროდუქტის გამოწერა და მიღება შეეძლებათ.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხეების გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება შეეხებათ ღია ტიპის აგრარულ ბაზრებს და იქ დასაქმებულებსაც. რეკომენდაციების სრული დაცვით მოქალაქეებს ბაზარში წასვლის შესაძლებლობა ისევ ექნებათ. 

ხვალ დედაქალაქის და რეგიონების ქუჩებში ტაქსებიც გამოჩნდებიან. თუმცა, თითოეული მძღოლი ვალდებული იქნება საქმიანობის დროს​ეპიდემიოლოგების მითითება მკაცრად დაიცვას. შესაბამისად, ავტომობილში უნდა ჰქონდეს სადეზინფექციო და თავის დაცვის სხვა საშუალებები.

ტაქსებისგან განსხვავებით, უცნობია როდის ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. თბილისის კახა კალაძის განცხადებით, მერიის გადაწყვეტილება სპეციალისტების რეკომენდაციებზეა დამოკიდებული. მისი განმარტებით, როდესაც ეპიდემიოლოგიური საფრთხეები კვლავ არსებობს, დაზუსტებული თარიღის დაანონსება ფაქტობრივად შეუძლებელია.

ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვების აღდგენა 6 ეტაპად განხორციელდება. ყოველი მომდევნო ეტაპი ორ კვირაში ერთხელ დაიწყება. იმ შემთხვევაში კი, თუ "კოვიდ 19"-გან გამოწვეული ეპიდემიოლოგიური სურათი მკვეთრად ნეგატიური გახდა, ხელისუფლება გაუქმებულ შეზღუდვებს ხელახლა აამოქმედებს.

დღის ამბები