17 ოქტომბერი 2021,   20:56
ვრცლად
სასტიკად მოკლული 5 ადამიანი ერთ სახლში - დანაშაულიდან ერთი წლის შემდეგ იმავე სახლში ძებნილი სპეცრაზმელი დააკავეს

საზარელი დანაშაულიდან ერთი წლის თავზე კახეთის პოლიციამ, ძებნილი სპეცრაზმელი სოფელ ყანდაურაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავა. სპეცრაზმელი იმ სახლში დააკავეს, სადაც 2019 წლის 3 მაისს 5 ადამიანი სასტიკად მოკლეს.

დაკავებულ ნოდარ გამყრელიძეს გამოძიება დედის განზრახ მკვლელობას ედავება. 4 ადამიანის სიცოცხლის მოსპობისთვის კი, ჯერჯერობით მხილებული არავინაა.

გამყრელიძემდე ამ დანაშაულის გამო მისი 85 წლის მამა დააკავეს, რომელსაც ცოლ-შვილის, რძლისა და ორი მეზობლის მკვლელობა ბრალდებოდა, თუმცა მალევე მუხლი გადაკვალიფიცირდა და ის გირაოთი გამოუშვეს, გირაოთი გათავისუფლდა ახლა დაკავებული გამყრელიძის შვილიც, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდნენ. დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას მკვლელობა არ ჩაუდენია.

გამოძიებას საქმეში ორი ცეცხლსასროლი იარაღი აქვს, ერთ-ერთით მტკიცდება ის ფაქტი, რომ შვილმა დედა საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლა. 

მოეხსნებათ თუ არა წაყენებული ბრალდება გირაოთი გათავისუფლებულ ბაბუასა და შვილიშვილს, ახლა იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ჩვენებას მისცემს დაკავებული ნოდარ გამყრელიძე გამოძიებას.

ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახი ახლა დაკავებულის უმკაცრეს სასჯელს მოითხოვს. ამბობენ, რომ ნოდარ გამყრელიძეზე ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა ეჭვი, როცა ის არც ერთი გარდაცვლილის დასაფლავებაზე არ მივიდა.

2019 წლის 3 მაისს მომხდარი საზარელი მკვლელობის საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება, დაკავებულ ნოდარ გამყრელიძეს საგამოძიებო უწყება დედის მკვლელობას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება. კითხვას, ვინ მოკლა დანარჩენი 4 პირი, პასუხი წესით ნოდარ გამყრელიძემ უნდა გასცეს.

დღის ამბები