17 ოქტომბერი 2021,   19:10
ვრცლად
3 მილიონამდე ინფიცირებული და 205 686 გარდაცვლილი - სახელმწიფოები ახალ რეალობაში ცხოვრებას ეჩვევიან

"დამიბრუნეთ ჩემი ცხოვრება" - ასე ჟღერს ათასობით გერმანელის ხმა, რომლებიც კარანტინში ყოფნამ ძალიან დაღალა და კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვაზე ალაპარაკდნენ. მიუხედავად იმისა, რომ 20 კაცზე მეტის თავშეყრა გერმანიაში დასჯადია, ბერლინსა და შტუდგარდში კარანტინის რეჟიმი სწორედ აქციით გაპროტესტდა - იყო დაკავებებიც.

საკარანტინო სანქციებით უკმაყოფილოები არიან ისრაელშიც, თუმცა აქ პრეტენზიები არა იმდენად შეზღუდვებთან, არამედ ქვეყნის პრემიერთან აქვთ. ნეთანიაჰუს პანდემიის დროს ავტორიტარიზმის გაძლიერებაში და კორუფციაში ადანაშაულებენ, რაც აქციის მონაწილეების განმარტებით, დემოკრატიას ემუქრება.

დიდი ბრიტანეთის პრემიერი კი ორშაბათიდან სამსახურში ბრუნდება. ჰოსპიტალიდან სულ ახლახან გამოსულ ბორის ჯონსონს ქვეყანაში ახალი გამოწვევები დახვდა, მას პანდემიასთან ერთად კრიმინალთან ბრძოლაც მოუწევს, რადგან ქვეყანაში კონტრაბანდამ იმატა. კოკაინს მესაზღვრეები პირდაპირ სამედიცინო პირბადეების შეფუთვებში პოულობენ. სამთავრობო გუნდი ხელმძღვანელთან ერთად მუშაობისთვის მზადყოფნას აცხადებს. ქვეყანას ამ ეტაპზე 20 319 გარდაცვლილი ჰყავს და 7-ჯერ მეტი ინფიცირებული.

ევროპაში, ამავდროულად, საგანგაშო ციფრებმა იკლო, თუმცა მდგომარეობა მაინც საყურადღებოდ რჩება. იტალია, რომელმაც კონტინენტზე ყველაზე მეტი - 26384 ადამიანი დაკარგა - სექტემბრიდან სკოლებს გახსნის. კონტე საკარანტინო შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს. მალე ზომებს შეამსუბუქებს ასევე საფრანგეთი და ესპანეთიც, ორივე ქვეყანას ჯამში 385 ათასზე მეტი ინფიცირებული ჰყავს.

მონაცემები იმატებს რეგიონშიც. რუსეთში მხოლოდ დღეს 6 361 ინფიცირების შემთხვევა დააფიქსირეს, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. თურქეთში კი პირველად 3 აპრილის შემდეგ მონაცემებმა იკლო, მიუხედავად ამისა ბოლო დღე-ღამეში ინფიცირებულთა რიცხვმა 2 800-ს გადააჭარბა. სომხეთსა და აზერბაიჯანში კი ციფრები ერთმანეთს ჰგავს, 30-მდე გარდაცვლილითა და 1800-მდე ინფიცირებით. 500 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა უკრაინაში.

ვატიკანში კი რომის პაპი მსახურებას მარტო პირველად არ ატარებს. მრევლის გარეშე ჩავლილი მორიგი მესა პაპმა ფრანცისკემ მთელ მსოფლიოში მყოფ იმ ადამიანებს მიუძღვნა, ვისი გულებიც მწუხარებით აივსო. მსოფლიო პანდემიის გამო პაპი ვატიკანში ახლა კიდევ უფრო მეტ დროს ატარებს, ვირუსმა იქაც შეაღწია და 9 ადამიანი დააინფიცირა. ვირუსს ებრძვის ყველა - ქრისტიანიც და მუსლიმანიც. მექა და მედინა პილიგრიმების გარეშე დარჩა. პანდემიის გამო 1.9 მილიარდი მუსლიმი რელიგიურ დღესასწაულს მოკრძალებულად აღნიშნავს. რამადანთან დაკავშირებით ნიუ-იორკში მუსლიმური საქველმოქმედო ორგანიზაცია უსახლკაროებს საკვებით გაუმასპინძლდა.

სიახლეებია კიევ-პეჩერის ლავრაშიც - აღმოჩნდა, რომ მონასტრის სრული პერსონალი ინფიცირებულია, დაახლოებით 200 ადამიანი. მათ შორის ბერები, სასულიერო პირები, გიმნაზიის სტუდენტები თუ ლავრაში დასაქმებულები. კიევის მონასტერში კარანტინი ჯერ კიდევ 3 კვირის წინ გამოცხადდა, როდესაც პირველი ინფიცირებულების შესახებ გახდა ცნობილი. უკვე დღეს იტყობინებიან, რომ მათგან 3 ადამიანი კორონავირუსს ემსხვერპლა.   

დღის ამბები