13 ივლისი 2020,   08:13
ვრცლად
როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა პირდაპირი ავიამიმოსვლის აღსადგენად - ნათია თურნავა

საქართველოსა და ლატვიას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი მინისტრმა ნათია თურნავამ ლატვიის ტრანსპორტის მინისტრ ტალის ლინკაიტსთან ონლაინ შეხვედრისას განიხილა. მინისტრებმა აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტილების პერსპექტივა დეტალურად განიხილეს.

ნათია თურნავას განცხადებით, ლატვიის ეროვნული გადამზიდავი "ეარ ბალტიკი" მზად არის საქართველოს მიმართულებით ივლისის პირველი დეკადიდან ფრენები განაახლოს. შესაბამისი განაცხადი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უკვე შევიდა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ლატვიიდან საქართველოში რეგულარული რეისების აღდგენით დაინტერესებულია უნგრული ბიუჯეტური ავიაკომპანია "ვიზეარიც", რომელმაც ასევე შეიტანა განაცხადი ფრენების დაწყებაზე.

"როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა, რომ ჩვენ ზაფხულის სეზონზე შევძლოთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს, როგორც ლატვიიდან, ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ლატვიის ტრანსპორტის მინისტრ ტალის ლინკაიტსთან ონლაინ შეხვედრის შემდეგ.

დღის ამბები