15 აგვისტო 2020,   03:12
ვრცლად
ცოტა დრო დარჩა ოქტომბრამდე, გაურკვეველია საარჩევნო სისტემა, ცოტა მაოცებს რატომ აგვიანებს უმრავლესობა - ეკა ბესელია

დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, ხვალ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის გამოსვლის დროს, 8 მარტის შეთანხმების შესახებ კითხვებიც დაისმება. როგორც "დღის კურიერში" ეკა ბესელიას აღნიშნა, არჩევნებამდე მცირე დრო რჩება. შესაბამისად, რაც შეიძლება დროულად უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრმა, როგორც გუნდის ლიდერმა, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ პროცესები დააჩქაროს.  

"ძალიან ცოტა დრო დარჩა ოქტომბრამდე, სულ რამდენიმე თვეა. ჩვენ ჯერ კიდევ ვართ იმ პროცესში, როდესაც გაურკვეველია ჩვენი საარჩევნო სისტემა - რჩება ძველი თუ ვიღებთ ახალს. იმიტომ, რომ ჯერ არ დაწყებულა ეს განხილვები და მე ცოტა მაოცებს, რატომ აგვიანებს უმრავლესობა.

ძალიან დიდი საფრთხე ახლავს ამ დაგვიანებას, იმიტომ, რომ დრო ძალიან მცირეა. იმდენი მიზეზი მოიძებნა ამ დაპირისპირების დაწყების, თითქოს გაჩნდა ისეთი განცდაც, რომ შეიძლება ეს 8 მარტის შეთანხმება არ შესრულდეს.

ინიცირებულია კონსტიტუციური კანონპროექტი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ცუდ გამოცდილებას, რომელიც წინ უძღოდა თავად ივანიშვილის ავტორობით შემოსულ საკანონმდებლო ცვლილებების ჩაგდებას პარლამენტში, ამიტომ არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ, იქამდე, ვიდრე არ არის მიღებული ახალი საარჩევნო სისტემა, რჩება ძველი და რჩება ისევ საფრთხეები, საფრთხეები იმისა, რომ კიდევ რაღაც არ მოხდეს.

ეს არ არის უტოპიური განცდა, ეს არის რეალური რადგან მას ჰყავს მოწინააღმდეგეები, მათ შორის უმრავლესობის შიგნითაც. რაც უფრო სწრაფ დაიწყება და დასრულდება ეს პროცესი, ეს ყველას ინტერესებში უნდა შედიოდეს," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები