11 ივლისი 2020,   16:24
ვრცლად
ჩვენი სფერო არის გაქრობის და განადგურების წინაშე - ღამის კლუბების და ბარების მეპატრონეები დახმარებას ითხოვენ

ღამის კლუბები და ბარები სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ - ობიექტები, რომლებმაც უკვე სოლიდურად იზარალეს "კოვიდ 19"-ის გამო ისევ დახურულია და მათი საქმიანობის განახლება დიდი ალბათობით უახლოეს პერიოდში ვერ მოხერხდება.

ბარებისა და კლუბების წარმომადგენლების თქმით, საგადასახადო შეთავაზებები მათთვის აუცილებელია და ასევე საუბარია ალტერნატიულ ფართებზე ღია ცის ქვეშ, სადაც მათთვის დროებით გადაცემის შემთხვევაში სხვადასხვა ღონისძიებებს გამართავენ.

"დედაენის ბარის" დამფუძნებლის დათა ლაფაურის განცხადებით, აუცილებელია სწორი და ზუსტი რეგულაციების შემუშავება.

"უნდა დადგინდეს დახურული ბარების, კლუბებისა და მუსიკალური სივრცეების გახსნის თარიღი, ასევე ჩვენთან ერთად უნდა შემუშავდეს რეგულაციები და დირექტივები. იმისათვის, რომ ჩვენმა სექტორმა სრულად შეძლოს თავისი ეკონომიკური როლის დაბრუნება აუცილებელია მინიმუმ ერთწლიანი საშეღავათო პერიოდი,"- განაცხადა დათა ლაფაურმა.

კლუბის "მტკვარზე" თანადამფუძნებელი ქეთა გაბუნია აღნიშნავს, რომ მერიის არცერთი წარმომადგენელი საქართველოში არსებული ოთხი ყველაზე პოპულარული კლუბის წარმომადგენელს არ დაკავშირებია.

​"რეაგირება ჯერჯერობით არ ყოფილა. ჩვენ ვნახეთ თბილისის მერიის კომენტარიც, რომლის მიხედვითაც შეიმუშავებენ დახმარების პაკეტს, მაგრამ არცერთ მოქმედ ღამის კლუბთან მათ არ ჰქონიათ კომუნიკაცია და ჩვენ ამ კვლევაში არ მიგვიღია მონაწილეობა, შესაბამისად ეს კვლევა არ არის რეალური სურათის მომცემი. ვფიქრობ, რომ კვლევა თავიდან უნდა ჩატარდეს,"- განაცხადა ქეთა გაბუნიამ.

კლუბ "ბასიანის" თანადამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი აღნიშნავს, რომ კლუბების მომავალი ჯერჯერობით ბუნდოვანია.

"ჩვენი სფერო არის გაქრობის და განადგურების წინაშე და იმაზე საუბარი, თუ როგორ გავაგრძელოთ საქმიანობა და შევინარჩუნოთ თანამშრომლები, ცოტა ნაადრევად მეჩვენება, რადგან ამ ყველაფრის მომავალი არის ბუნდოვანი და უიმედო. ჩვენ არ ვიცით რა გველის. ერთადერთი, რასაც ვითხოვთ სახელმწიფოსგან, ეს არის, რომ ჩაგვრთონ კვლევაში,"- განაცხადა ნაჯა ორაშვილმა.

პეტიცია უკვე გადაეგზავნათ სახელმწიფო უწყებებს. ღამის ეკონომიკის წარმომადგენლები კი, შესაბამისი უწყებებისგან პასუხს ელოდებიან.

დღის ამბები