15 აგვისტო 2020,   02:33
ვრცლად
რისკები არის ძალიან მაღალი და ეს ხელშეკრულება უნდა იყოს საჯარო - დავით ბაქრაძე Газпром-თან ხელშეკრულება გახანგრძლივებაზე

საქართველოს მიერ Газпром-თან ხელშეკრულების გახანგრძლივებას ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან.

ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ გაფორმებული ხელშეკრულებით საქართველო რეალურ სარგებელს ვერ იღებს და საქართველოს რუსული კომპანიის მიერ მოწოდებული გაზი არ სჭირდება.

გარდა ამისა, ოპოზიციის წევრების თქმით, ხელშეკრულების დეტალები საჯარო უნდა იყოს.

"ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რაზე თანხმდება გაზპრომთან, რომელიც დღეს საყოველთაოდ აღიარებული, რომ რუსული გავლენის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია. მე არ ვიტყვი, რომ ყველაფრის წინააღმდეგი ვართ გაზპრომთან, შეიძლება იყოს რაიმე ნორმალური ამ ხელშეკრულებაში, მაგრამ რისკები არის ძალიან მაღალი და ეს ხელშეკრულება უნდა იყოს საჯარო, რომ ყველამ ვიცოდეთ, რა ტიპის რისკი შეიძლება იყოს ჩადებული და რა შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ზეწოლის სახით," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა დავით ბაქრაძემ.

"ტრანზიტისთვის გადახდილი ფული ეყოფა მხოლოდ და მხოლოდ ამ ტრანზიტისათვის საჭირო ხარჯებს. წელიწადში 20 მილიონი დოლარი დავკარგეთ ჩვენ ხელშეკრულების ფორმის შეცვლით. ამაზე პასუხი უნდა აგოს დღევანდელმა ხელისუფლებამ. არ გვჭირდება ჩვენ რუსული გაზი. თუ საქართველოს ტერიტირიას გამოიყენებს რუსეთი სომხეთისათვის გაზის მისაწოდებლად, არ უნდა იყოს ეს ხელშეკრულება კაბალური," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ.

საქართველომ Газпром-თან ხელშეკრულება გაახანგრძლივა. დოკუმენტის შინაარსი ისევ უცნობია, თუმცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ერთი დეტალი გაახმოვანა. მინისტრის განმარტებით, რუსულ კომპანიასთან განახლებული პირობები ტარიფის შემცირებას ითვალისწინებს.

კონკრეტული ციფრები, თუ რამდენით შემცირდა ტარიფი უცნობია, თუმცა, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი განმარტავს, საუბარია 15%-იან შემცირებაზე.

დღის ამბები