03 აგვისტო 2020,   17:00
ვრცლად
ანტიკრიზისული გეგმის განხორციელება, კორუფცია და საარჩევნო კოდექსზე განხილვები - ეს მთავარი კითხვები ექნება ოპოზიციას პრემიერთან ხვალ პარლამენტში 

გიორგი გახარიას საკანონდებლო ორგანოში ხვალ ელოდებიან. საუბრის ძირითადი თემები COVID-19-თან ბრძოლა და ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმა იქნება. დამოუკიდებელი დეპუტატები ხვალ პროცედურულ საკითხის დაყენებას გეგმავენ, რომ პრემიერთან საუბარი ინტერაქციის რეჟიმში წარიმართოს.

დამოუკიდებელ დეპუტატებს აინტერესებთ, არსებობს თუ არა რაიმე გეგმა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის შესახებ. 

"კითხვებს რაც შეეხება, პირველ რიგში ქვეყნის ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანის რაიმე გეგმა თუ არსებობს, კორუფციასთან დაკავშირებული კითხვები, ბიუჯეტიდან თანხის და საერთაშორისო დახმარებებიდან არაეფექტიანი მართვის და მენეჯმენტის საკითხები. მაშინ, როდესაც თავს იწონებს მთავრობა, რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ 5 მილიონამდეა გადახდილი სახელმწიფოს მხრიდან აუთვისებელი დახმარებები,“ - აცხადებს ლევან კობერიძე.

პარლამენტის დამოუკიდებელ წევრს ეკა ბესელიას აინტერესებს პრემიერის ხედვა იმ კანონპროექტის შესახებ, რომელიც 15 ივლისამდე მოქმედებს - საუბარია დაჩქარებული წესით მიღებული შეზღუდვების შესახებ კანონპროექტზე. მისი თქმით, რა არის ის უახლოესი ღონისძიებები, რისთვისაც საჭირო გახდა კანონის მიღება. 

"მნიშვნელოვანია ბოლო პერიოდის მოვლენები, არჩევნებამდე არის დარჩელი ძალიან ცოტა დრო, ამიტომ პრემიერის ხედვა ოქტომბრამდე როგორ ხედავს ის პოლიტიკური და სამოქალაქო უფლების შეზღუდვის აუცილებლობას, იმ არაკონსტიტუციური კანონის პირობებში, რომელიც 15 ივლისამდე მოქმედებს. და ამ მხრივ რა არის ის უახლოესი ღონისძიებები, რისთვისაც საჭირო გახდა ამ კანონის მიღება. მეორე საკითხი არის ანტიკრიზისული გეგმა,“ - აცხადებს ეკა ბესელია.

პრემიერთან შეკითხვები აქვს პარლამენტის ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების” წევრს გია ჟორჟოლიანსაც. 

"ვფიქრობ, რომ პროგნოზი უფრო პესიმისტური უნდა იყოს, ვიდრე დღეს ჩვენ გვაქვს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამ თანხების გადახედვა იქნება საჭირო და კორექტირება ამ გეგმებისა, რა შესაძლებლობებს ხედავს პრემიერი და მთავრობა ამ მიმართულებით," - აცხადებს გია ჟორჟოლიანი.

გიორგი გახარია საკანონდებლო ორგანოში საკუთარი ინიციატივით მიდის. უახლოეს პერიოდში პრემიერი დეპუტატებს კიდევ ორჯერ შეხვდება - 29 მაისს, ინტერპელაციის წესით და ივნისში, რასაც რეგლამენტი ითვალისწინებს. 

დღის ამბები