11 ივლისი 2020,   15:14
ვრცლად
ეს ეკონომიკური გეგმა კარგი ცხოვრების გამო არ არის შედგენილი ხომ?! - გია ვოლსკი ანტიკრიზისულ გეგმაზე საუბრობს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი პარლამენტში ხვალ დაგეგმილ პრემიერ-მინისტრის გამოსვლასთან დაკავშირებით "დღის კურიერში" საუბრობს. გია ვოლსკის მიაჩნია, რომ ხვალ ოპოზიციის მხრიდან დასმულ კითხვებს სიმწვავე არ დააკლდება. მისი განცხადებით, ოპოზიცია მუდმივად პოლიტიკური ხასიათის ცირკის მოწყობის მცდელობაშია.

გია ვოლსკის თქმით, პრემიერ-მინისტრის ხვალინდელ მოხსენება COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლას და ანტიკრიზისულ გეგმას დაეთმობა. საუბარია შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების დახმარებებზე, ეკონომიკის ამუშავებაზე და სოფლის მეურნეობის საკითხებზეც.

"რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი თემებია. არ მგონია სიმწვავე აკლდეს ოპოზიციის კითხვებს, პირიქით, მე მგონი მწვავეც უნდა იყოს და საქმიანიც, მაგრამ ეს სურვილები და ოცნებები უკვე დიდი ხანია ჩავაბარეთ წარსულს იმიტომ, რომ მუდმივად არის მცდელობა, რომ რაღაცა პოლიტიკური ხასიათის ცირკი მოეწყოს და რაღაც ქულები, დივიდენდები ჩაიწერონ.

მე მაინც ვფიქრობ, რომ თავად პრემიერის მოხსენებაში, სადღაც 20-30 წუთი აქვს ამისთვის დრო, ძირითადი აქცენტები იქნება გაკეთებული, რა საკვირველია მთავარ თემად რჩება COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები, ეკონომიკური და ჯანდაცვის სფერო, ყველა სფეროები ჩართულია პრინციპში. ეს არის თემები, რაზედაც ჩვენც გვექნება საუბარი. ყველა ის საკითხი, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს დახმარებასთან და ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით.

რა მოცულობის დახმარებაა გათვალისწინებული, როგორ იქნება ორგანიზებული და რა ინტენსივობით მიმდინარეობს დღეს. სოფლის მეურნეობის საკითხებიც საინტერესოა, თუ რამდენად ძლიერად არის ჩამოყალიბებული ის პროგრამა და როგორ ხორციელდება, რომელიც შიდა წარმოებას გულისხმობს. ეს არ არის 2 დღის, ან 1 თვის, ან რაღაც გარკვეული პერიოდის პრობლემა. ზოგადად კარგი ტენდენციებია სოფლის მეურნეობის დარგში და ამ კარგ ტენდენციებს უნდა გაცილებით სწრაფი და ინტენსიური განვითარება," - აცხადებს გია ვოლსკი.

როგორც გია ვოლსკიმ "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, ინფორმაცია, თითქოს დახმარება პირველ რიგში "ქართული ოცნების" აქტივისტებს დაურიგდათ, სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხვალ დეტალურად ისაუბრებს.

"როგორც ყოველთვის კომპეტენტურია პრემიერ-მინისტრი. ეს ეკონომიკური გეგმა კარგი ცხოვრების გამო არ არის შედგენილი ხო?! უშველებელი პრობლემა დაატყდა მსოფლიოს თავს და საქართველოს, მაგრამ ის, რასაც ოპოზიცია ამბობს, რომ უამრავი ხალხი არის დარჩენილი, ახლა ამას წინათ პარლამენტის ტრიბუნიდან მაჟორიტარებს დაგვაბრალეს, რომ ჩვენ წინასწარ შევადგინეთ რაღაც გეგმები, რომ "ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის ყოფილიყო დახმარებები, თუნდაც ეს ამანათები და ეს უზნეობის ხაზი მე მაინც მგონია, რომ გაყვება ამ 27 მაისის მსჯელობას, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ ამ მოსალოდნელ არეულობაში, რომლის ჩამოყალიბებასაც ჩვენი ოპონენტები შეეცდებიან, მაინც გავიგებთ და გვეცოდინება ზუსტად ყველაფერი.

ოპოზიცია ცდილობს, ჩრდილში იყვნენ გადასულები იმიტომ, რომ საკმაოდ წარმატებული იყო თავიდან შემოტევის მოგერიების პროცესი, ახლა ნელ-ნელა ეკონომიკური პრობლემები მოემატა, რასაკვირველია ჯანდაცვის სფეროში სალაპარაკო არ აქვთ და ახლა ექიმების გინებიდან უკვე მათ დაცვაზე გადავიდნენ. ეს პოლიტიკური ინსინუაციები და სპეკულაციები იქნება რა საკვირველია. საკმაოდ ინტენსიურია დახმარებებიც და გაცილებით უფრო მეტი იქნება კიდევ. ამ თემასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი მოგვაწვდის სრულფასოვან ინფორმაციას," - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება ბიზნესის მხრივ დაწესებულ შეღავათებს, გია ვოლსკის თქმით, ბიზნესი პანდემიის ვითარებაში გაცილებით უფრო მეტი შეღავათით სარგებლობს, ვიდრე ამას ოპოზიცია აღიარებს.

"მდგომარეობა არის რთული და ამ რთულ მდგომარეობაში ოპტიმალურია გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნა მიღებული. მათ შორის ბიზნესის მიმართ შეღავათები არის ძალიან მნიშვნელოვანი, სოციალური პროექტების მთელი რიგი, რომელიც არ შეჩერდება.

საზოგადოებრივ ტრანსპორტს რაც შეეხება, ამასთან იყო კახის, ქალაქის მერის ძალიან მკაფიო განცხადება, რომელიც მიუთითებს, რომ აქაც რაღაც რეგულაციები უნდა შემოვიღოთ. საფრთხეებმა რომ მოიმატოს და კლასტერების რაოდენობა გაიზარდოს, მერე ნახეთ თქვენ კრიტიკა და დაძაბულობა საზოგადოებაში," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები